თეგი: აკუსტიკური ხმაური

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები გაიზარდა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცეს. მიღებული პროექტის გათვალისწინებით, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით. პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის მაია ბითაძის ინფორმაციით, არსებული ჯარიმები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.  

აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე სანქციები მკაცრდება, შესაბამისი კანონი კი მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე, ჯარიმის დადგენილი ოდენობები აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა. „კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც, მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  თბილისის მერმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან აღნიშნული კანონი. „გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კანონის მიხედვით: ა) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; ბ) იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით; გ) მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით.