თეგი: ალენ დელონი
ზელენსკიმ ალენ დელონი ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი „უკრაინის წინაშე დამსახურების ორდენით დააჯილდოვა.“ შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ძვირფასო ალენ, მე ვიცი, რომ თქვენ არც თუ ისე მარტივ სიტუაციაში ხართ და მინდა გითხრათ, რომ მარტო არ ხართ...გყავთ ბევრი გულშემატკივარი და ხალხი, ვისაც უყვარხართ. მე და ჩემი ხალხი, ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ,“ წერს საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო. 88 წლის ვარსკვლავი ომის დაწყების დღიდან უკრაინას საჯაროდ უჭერს მხარს. 2022 წელს მსახიობი მონაწილეობდა ზელენსკისა და ფრანგული მედიის შეხვედრაში. შეხვედრის მსვლელობისას პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის ალენ დელონს მადლობა გადაუხადა. „მე არასდროს ვყოფილვარ თქვენსავით ბრწყინვალე მსახიობი. ჩემთვის ყოველთვის ავტორიტეტი, დიდი მსახიობი იყავით," აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 2019 წელს ინსულტის შემდეგ, ალენ დელონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ალენ დელონი გარდაიცვალა
ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილებმა AFP-ს განუცხადეს. ოჯახის განცხადებით, ალენ დელონი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო - მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში - „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმებმა - „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა. 2003 წელს კლაუდია კარდინალემ მას მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავი“ გადასცა, ორი წლის შემდეგ კი, ჟაკ შირაკმა საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBEES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.
ალენ დელონს შაბათს, საკუთარ მამულში დაკრძალავენ
ფრანგული ტელეარხების CNews-სა და BFMTV-ის ცნობით, ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია შაბათს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გაიმართება და მას დუში-მონკორბონში მდებარე საკუთარ მამულში დაკრძალავენ, სადაც მსახიობმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. საფრანგეთის ქალაქ გაპის ყოფილმა ეპისკოპოსმა, ჟან-მიშელ დი ფალკომ განაცხადა, რომ დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება მას მსახიობმა თავად სთხოვა. ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.