თეგი: ალექსანდრე სტუბი

ფინეთის ახალი პრეზიდენტი: პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა. ალექსანდრე სტუბი, რომელიც საული ნიინისტოს ჩაანაცვლებს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველ მარტს შეუდგება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი. სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრების უდიდესი პატივია. ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საკმაოდ ცხადია, რთულია რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი პუტინთან, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს.“ „ვერ ვხედავ რაიმე სახის კომუნიკაციას პუტინთან ან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უახლოეს მომავალში. ჩვენ ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ მომენტში ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის,“ - აღნიშნა სტუბმა.