თეგი: ალექსანდრ შალენბერგი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განსხვავებული პოზიცია აქვს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა შესთავაზონ. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. მან თავისი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატობამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს. ავსტრიულ გამოცემა Heute-ს მოჰყავს შალენბერგის სიტყვები, რომ უკრაინა არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ის მხარს უჭერს სხვა გზას, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ეთანხმება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მიიღო. ამავე თემაზე ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა  

საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საკითხების ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ყველა ძირითად სფეროში მაღალი დონის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.  „მხარეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს ავსტრიისა და საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. აღინიშნა ავსტრიის დახმარება და მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გზაზე, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, ასევე, პოლიტიკური კუთხით. ამ მხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდგომ, ორგანიზაციის და წვერი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც სერიოზული გზავნილი იქნება სამივე ქვეყნისთვის არსებული ურთულესი გამოწვევების ფონზე. მინისტრებმა მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის“, - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დარჩიაშვილმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხი ავსტრიელ კოლეგასთან განიხილა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თავის ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას, რომელიც როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვენაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რითაც ევროპულმა საბჭომ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხდა. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. ალექსანდრ შალენბერგმა, ავსტრიის მთავრობის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.