თეგი: ალ-შარაა

ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო სირიის პრეზიდენტი ალ-შარაა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, თეთრ სახლში მიიღო სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა. ის სირიის სახელმწიფოს პირველი ლიდერია, რომელიც თეთრ სახლს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. BBC-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ სირია შეუერთდება საერთაშორისო კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთში.  Fox News-თან ინტერვიუში ალ-შარაამ განაცხადა, რომ ვიზიტი „ახალი ეპოქის“ ნაწილია და მისი ქვეყანა აშშ-სთან ითანამშრომლებს. ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ალ-შარაას, რომელიც აშშ-ის მთავრობამ ადრე ტერორისტად გამოაცხადა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ალ-შარაას, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, მძიმე წარსული ჰქონდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აჰმედ ალ-შარაამ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ალ-ყაიდასთან“ მისი თანამშრომლობა წარსულია და დონალდ ტრამპთან ეს საკითხი არ განუხილავს. სირია ამიერიდან 90-ე ქვეყანა გახდება, რომელიც გლობალურ კოალიციას შეუერთდება ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დარჩენილი ელემენტების განადგურებისა და ახლო აღმოსავლეთში უცხოელი მებრძოლების ნაკადის შეჩერების მიზნით. შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტებთან ერთად, გამოაცხადებს ახალ ზომებს სირიისთვის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნისა და „ინვესტორებისთვის შესაბამისობის გარკვევის“ უზრუნველყოფის მიზნით. ამ ზომების ფარგლებში, ადმინისტრაცია ასევე 180 დღით აჩერებს „კეისრის აქტს“, რომელიც 2019 წლიდან სირიის ყოფილ მთავრობას სანქციებს უწესებდა. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ალ-შარაას უწოდა ძალიან ძლიერი ლიდერი, რომელიც მოსწონს და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა სირიამ წარმატებას მიაღწიოს. სირიის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან დონალდ ტრამპთან განიხილა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების გზები და ის რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების სფეროშია. „ჩვენ გვსურს, სირია ძალიან წარმატებულ ქვეყნად იქცეს.“ და, მე ვფიქრობ, რომ ამ ლიდერს ამის გაკეთება შეუძლია,“ - აღნიშნა ტრამპმა.  აჰმედ ალ-შარაა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის ფსევდონიმით, ერაყის ომში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“, მოგვიანებით კი, „ისლამური სახელმწიფო ერაყის“ მხარდასაჭერად. 2006 წელს ის ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრეს. 2011 წელს გათავისუფლების შემდეგ, ალ-შარაა სირიაში „ალ-ქაიდას“ დანაყოფის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ალ-შარაა „ალ-ქაიდას“ 2016 წელს გაემიჯნა, მოგვიანებით კი, სათავეში ჩაუდგა ახალ რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციას, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამს“, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში სირიაში დაასრულა ბაშარ ასადის მმართველობა.  2025 წლის მაისში საუდის არაბეთში გაიმართა დონალდ ტრამპის და აჰმედ ალ-შარაას პირველი, არაოფიციალური შეხვედრა. 2025 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამს“ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ეს ორ ლიდერს შორის მესამე შეხვედრაა, მეორე შეხვედრა სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ვახშმის დროს გაიმართა. სირიასა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წლიდან შეჩერებულია, თუმცა აშშ ახლა სირიას ვაშინგტონში საელჩოს ხელახლა გახსნის უფლებას მისცემს. დონალდ ტრამპის და აჰმედ ალ-შარაას შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ნაწილობრივ შეაჩერა სირიის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება. კონგრესმა კანონპროექტი სანქციების შესახებ 2019 წელს მიიღო. სანქციების სრულად გაუქმებასაც კონგრესის თანხმობა სჭირდება. ვაშინგტონში ალ-შარაას ოფიციალური ვიზიტის წინ ის სანქცირებულთა სიიდან ამოიღო გაეროს უშიშროების საბჭომ. გაერომ აჰმედ ალ-შარაას სანქციები 2014 წელს დაუწესა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გამო.  სააგენტო Reuters-ი წერს, რომ 10 ნოემბერს თეთრ სახლში ალ-შარაას სტუმრობას უფრო მოკრძალებული ხასიათი ჰქონდა, ვიდრე ეს სხვა უცხოელი ლიდერების ვიზიტისას ხდება. კერძოდ, სირიის დროებითი პრეზიდენტი თეთრ სახლში არა ცენტრალური, არამედ გვერდითი შესასვლელიდან შევიდა და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლი ამავე გასასვლელიდან დატოვა.