თეგი: ამირ აბდოლაჰიანი
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მისალოც მიმართვებს უგზავნიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშროლობა აკავშირებთ, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მისალოც წერილში. თავის მიმართვაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი წერს, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია ყველა მიმართულებით. „საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს ნიკოს დენდიასი. „გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს“, - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, ქართველ კოლეგას, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ულოცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ტეოდორა გენჩოვსკაც. თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის, ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა. ბულგარელი კოლეგა დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.ილია დარჩიაშვილს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამირ აბდოლაჰიანიც. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.