თეგი: ამირ ოჰანა
ისრაელის პარლამენტის სპიკერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის (პარლამენტის) სპიკერი ამირ ოჰანა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე დახვდა. 4 სექტემბერს, ქნესეთის სპიკერი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრებს. საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს. 5 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართველი კანონმდებლები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს და მის თანმხლებ დელეგაციას მიესალმებიან.ვიზიტის ფარგლებში, ამირ ოჰანა გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, დაათვალიერებს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს და დაესწრება ქართველი წმინდანის, სერგო მეტრეველის და მისი ოჯახის წევრების პატივსაცემად გამართულ ცერემონიას.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ისრაელის ქნესეთის სპიკერმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელის სახელმწიფოსთან მეგობრული და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას. „განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ორივე ქვეყანას. შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჰადას მიეცადი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში - ლაშა ჟვანია,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.