თეგი: ანა მონტესი

ცნობილი ჯაშუში, აშშ-ის ციხიდან 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ანა მონტესი, რომელიც ცივი ომის დროინდელ ყველაზე ცნობილ ჯაშუშებს შორის იყო, პატიმრობიდან 20 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობის დროს, კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებულმა, 65 წლის ანა მონტესმა ტეხასის შტატში, ციხეში თითქმის ორი ათწლეული გაატარა. ამის შესახებ BBC წერს. 2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან კუნძულზე აშშ-ის დაზვერვის ოპერაციების შესახებ ცნობები თითქმის მთლიანად ხელმისაწვდომი გახადა. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ის იყო აშშ-ის მიერ დაჭერილ „ყველაზე მავნე ჯაშუშებს შორის“. მიშელ ვან კლივმა, რომელიც კონტრდაზვერვას ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ხელმძღვანელობდა, 2012 წელს კონგრესს განუცხადა: „მონტესმა „პრაქტიკულად, ყველაფრის კომპრომეტირება მოახდინა, რაც ჩვენ ვიცოდით კუბის შესახებ და როგორც ვმოქმედებდით კუბაში“. დაპატიმრების შემდეგ, მონტესს საიდუმლო მასალების გავრცელებაში დასდეს ბრალი. მონტესს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლემ ის „მთლიანად ერის" რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა. თუმცა ცივი ომის დროს დაპატიმრებული სხვა ცნობილი ჯაშუშებისგან განსხვავებით, მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიით და არა პირადი სარგებლით. ის კუბის დაზვერვაში მუშაობას დათანხმდა, ნაწილობრივ იმის საფუძველზე, რომ ლათინურ ამერიკაში რეიგანის ადმინისტრაციის საქმიანობას ეწინააღმდეგებოდა. მონტესი გათავისუფლების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. მას ასევე აეკრძალება მთავრობაში მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება. პიტ ლაპმა, FBI-ს ერთ-ერთმა აგენტმა, რომელმაც მონტესი დააკავა, CBS News-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანა მონტესი კუბელ აგენტებთან კონტაქტის აღდგენას ცდილობდა.„მისი ცხოვრების ეს ნაწილი დასრულდა. მან გააკეთა ის, რაც გააკეთა მათთვის. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რისკის ქვეშ დააყენებს თავის თავისუფლებას“, - ამბობს პიტ ლაპი.