თეგი: ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი: უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ გვთხოვა, საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ნაცვლშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლა ითხოვა. „ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ბატონმა სტეფანჩუკმა ორი რამ გვთხოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, მან გთხოვა, საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც უკრაინამ უკვე გადადგა, ეს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში იყვნენ ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პარლამენტის წევრები, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე სხვა არაფერია, თუ არა სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან. როგორც პარლამენტის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, გასულ წელს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები მკვეთრად უარყოფითად შეფასდა, ხოლო საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. „დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარუდგინა 12 წინაპირობა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ევროკავშირი და აშშ აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გაძლიერებას. გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, მკვეთრად უარყოფითად შეფასდა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ყველაზე ავტორიტეტული პროფესიულ ინსტიტუტის – ვენეციის კომისიის მიერაც. სწორედ ამ საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საჯაროდ გამოხატა პოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე და მოითხოვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება, მიუხედავად არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა. ჩვენ, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს. "როდესაც ჩვენ ამ ნორმების განხილვა დავიწყეთ, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა პოზიცია, რომ ცვლილებები მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას და მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას ემსახურებოდა. მისი ეს პოზიცია სოციალურ ქსელში მხარდაჭერილი და გაზიარებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა. წარმოიდგინეთ მოცემულობა - ადამიანი, რომელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ მოსამართლეთა დაშინებისა და ზეწოლის ნორმებს ვიღებდით. ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, არსებობს ასეთი მოსამართლის აცილების ობიექტური და მყარი საფუძველი, ვინაიდან მან პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და იქნება მიკერძოებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა კორუფციას ვერ შეებრძოლება
ოპოზიცია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას აფასებს. პროცესები არ მიდის სწორი მიმართულებით, ამის დასტურია, მათ შორის, ანტიკორუფციული წყალწყალა კანონპროექტი, რომელიც კორუფციას ვერ შეებრძოლება, მიაჩნია ჟურნალისტებთან „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებას და უფრო გააღრმავებს პრობლემებს, რომლებიც შერჩევითი მართლმსაჯულების მხრივ არსებობს. „ის, რაც დღეს არის წარმოდგენილი არ უზრუნველყოფს ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი მთავარი წინაპირობის შესრულებას. რიტორიკულ კითხვას ვსვამ, რა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, თუ ის ვერ მიგვიყვანს ევროკავშირამდე? ანტიკორუფციული ბიურო იქმნება რაც შეეხება ღარიბაშვილთან მიმართებით საკითხს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ერთი წუთით რომ გვარები და სახელები გვერდზე გავწიოთ, სულ რომ ჩემი თანაგუნდელი ან მე ვიყო პრემიერი, იგივეს გეტყოდით, ინსტიტუციურად უნდა გააკონტროლონ, ნიშნავდეს მაკონტროლებელს. მაკონტროლებელი ჩვენს მოდელში შეირჩევა პარლამენტის მიერ მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, როცა „ქართული ოცნების" მოდელის თანახმად, უწყების ხელმძღვანელის დანიშვნა თუ მოხსნა ჩამოკიდებულია ერთპიროვნულად პრემიერზე, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი კორუფციას კი ვერ გამოუცხადებს ბრძოლას, იქნება პრემიერის ინსტრუმენტი, რომ თვალი დახუჭოს კორუფციის ფაქტებზე, როცა ეს პრემიერს ენდომება, მაგრამ გამოუცხადოს ბრძოლა კორუფციას მაშინ, როცა პრემიერი გადაწყვეტს, რომ მისთვის არასასურველი ფიგურა გზიდან უნდა ჩამოიცილოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, რადგან ამაზე ოპოზიცია მანამდეც საუბრობდა. მისი შეფასებით, პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მაღალი კვორუმით არჩევა გამოსავალი არ იქნება. „მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის, რადგან ვხედავთ, მაღალი კვორუმით არჩევის საკითხს შემდგომ როგორი გადაწყვეტილებებიც მოჰყვება ხოლმე - როდესაც არის ამ კვორუმის უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა და საბოლოო ჯამში, უარესს მდგომარეობას ვიღებთ. ასეთი მდგომარეობა მივიღეთ, მაგალითად, ცესკოს შემთხვევაში, როცა მის ხელმძღვანელს 5 წლის ნაცვლად, 6 თვის ვადით ვირჩევთ. იგივეს მივიღებთ გენერალური პროკურატურის შემთხვევაში, როცა ერთწლიანი პროკურორი გვეყოლება 2026 წლიდან. ამიტომ ყოველთვის ეს გამოსავალი არ არის. ამ შემთხვევაში გამოსავალი ისეთი სტრუქტურის შექმნაა, რომელსაც ექნება გამაწონასწორებელი ფუნქცია ამ რგოლში. ამაზე უფრო დეტალურად შევძლებ საუბარს მას შემდეგ, რაც კანონის პროექტს გავეცნობი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ ასევე მედიასთან განაცხადა, რომ დამატებით კვლავ წარადგენენ საკუთარ წინადადებებს და თუ მმართველი გუნდი მათ არ გაიზიარებს, პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება. „ჩვენი წინადადებები და მოთხოვნა იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, სადაც გაერთიანდებოდა ყველა უწყებაში გაფანტული ანტიკორუფციული ფუნქციები, ექნებოდა საგამოძიებო ფუნქცია და იქნებოდა ორიენტირებული მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მისი ხელმძღვანელი კი იქნებოდა პარლამენტის მიერ მაღალი ლეგიტიმაციით, 2/3- ით არჩეული. ხელისუფლებამ წარმოადგინა პოზიცია, რომელიც გულისხმობს ანტიკორუფციული უწყების შექმნას ანტიკორიფციული მიმართულებით, მაგრამ მათ წარმოდგენილ პროექტში ფუნქციები, რაც ამ სამსახურმა უნდა შეასრულოს, არ ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ამიტომ ამ კანონპროექტს დეტალურად განვიხილავთ და ჩვენს მოსაზრებებს დამატებით დავაფიქსირებთ. თუ არსებული სახით დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან არ იქნება ქმედითი და ეფექტიანი. ჩვენი რეკომენდაციები და წინადადებები ჯერ კიდევ ზაფხულში წარვადგინეთ სამუშაო ჯგუფში, თუმცა, მათ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის ეს ასახული, ასახულია დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის საკითხი, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციები“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ინიციატივა ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება, - აცხადებს თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. „ჩვენ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც ამ უწყების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მისი ხელძღვანელი პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით დანიშნული იქნება, რაც იმის გარანტიაა, რომ ძნელი იქნება მის საქმიანობაში ჩარევა. ის რომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სათაურში ეწეროს, ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად არავინ ჩაგვითვლის, რადგან მთავარია არა რაღაცის შექმნა, არამედ ისეთი უწყების შექმნა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება და რეალურად შეასრულებს ამ ფუნქციას", - აცხადებს რომან გოცირიძე. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.