თეგი: ანდრიუს კალინდრა
ლიეტუვის ელჩი: ვგმობ აღმაშფოთებელ შეურაცხყოფას ჩემი კოლეგების მიმართ
ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ ფაქტს გმობს. „მინდა, გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს საქართველოში და ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ“, - განუცხადა ანდრიუს კალინდრამ მედიას. ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულია აქციის 10-მდე მონაწილე, მათ შორის არიან „ალტ-ინფოს“ წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს.
ლიეტუვის ელჩი: ჯერ კიდევ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს
საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რონდელის ფონდის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ახლა საქართველო ისე ახლოსაა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან, როგორც არასდროს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კადიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ შესრულდება და განორციელდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. „9 ნაბიჯს შორის არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციას და ჩარევას ევროკავშირისა და სხვების წინააღმდეგ და ასევე ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მოვლენების ეს განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს ლიეტუვაში. ჯერ კიდევ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გამოიყენებს ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გაფართოების პროცესთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ლიეტუვის საელჩოს განცხადება: ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს
ლიეტუვის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა „დაიბარეს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით.“ შესაბამის ინფორმაციას ქართული მხარე ავრცელებს. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე, მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა,“ აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. უფრო ადრე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)