თეგი: ანდრი სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრი სიბიგამ, საქართველოდან დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინის გაიწვია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დანიშნულმა ანდრი სიბიგამ 8 სექტემბერს, ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა. სიბიგას თქმით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, რისი მიზეზიც „ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ გახდა. „კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე ირინა ბოროვეცი. ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ სიბიგამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინული დიპლომატიის უპირობო პრიორიტეტია იარაღი და თავდაცვის ძალების სხვა საჭიროებები. მინისტრმა ელჩებს განუსაზღვრა მუშაობის ეფექტიანობის კრიტერიუმები - კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა. სიბიგას განცხადებით, ელჩები ომის რეალიებს მოწყვეტილი ვერ იქნებიან. ხსენებულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. მისი თქმით, ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. პრემიერმა აღნიშნა, რომ გაწვევა დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის საკითხთან. „მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, უკრაინას ორ წელზე მეტია, საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო. 2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი, ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 2023 წლის ივლისში კიევი საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
სიბიგა: უკრაინის წინააღმდეგ ომი მეორე მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება - რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე ნაცისტურ მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის 1941–1945 წლების ომი გაგრძელდა - 1418 დღე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „რუსეთმა უკრაინის მიწაზე ჩაიდინა სისასტიკე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბისა და სისასტიკის არის. თუმცა, მან ვერ შეძლო უკრაინის ან ჩვენი ხალხის სულისკვეთების გატეხვა,“ - აცხადებს სიბიგა. მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია თავისი აგრესიის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. „ამის ნაცვლად, მან განიცადა უზარმაზარი დანაკარგები, 1.2 მილიონზე მეტი მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცისა და სამხედრო აღჭურვილობის უზარმაზარი დანაკარგების სახით,“ - აცხადებს სიბიგა. სიბიგას თქმით, რუსეთი ზამთრის შუაგულში ტერორის ესკალაციას ახდენს უკრაინის წინააღმდეგობისა და საერთაშორისო ერთიანობის შელახვის მიზნით. „ახლა ზუსტად შესაფერისი დროა, რომ მოსკოვზე ზეწოლა გაიზარდოს დამატებითი მკაცრი სანქციებით და უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის გაწევით. უკრაინა ძლიერი რჩება და მტკიცედ ერთგულია შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართ, რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა და უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება ევროპაში,“ - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.