თეგი: ანი იანუშაიტიტე

12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურაში ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა. „ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია“, - აცხადებენ პროკურატურაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ განცხადებით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია. ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის [ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი] საფუძველზე. ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ექსპერტს ბრალი დაუმძიმა

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანის გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა. საკვანძო მტკიცებულების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის ივლისში აცნობა. ამბის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექსპერტი მინიმალური სასჯელით - ჯარიმის დაკისრებით - გაეთავისუფლებინა. ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, მხოლოდ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის. გარდა ამისა, იგი, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადაყენებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდან. 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია. ამ პირობებში, ოჯახი და „უფლებები საქართველოს“ იურისტები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ ანის გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რისთვისაც საქმეში ევროპული ან ამერიკული საგამოძიებო უწყებების და ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ,” - ნათქვამია ინფორმაციაში. „უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო დასკვნა 28 აპრილს გასაჯაროვდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს. რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან.

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე - რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეს უკვე უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია. რადიო თავისუფლების ცნობით, ლევან იოსელიანი მიმართავს გენერალურ პროკურორს, დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი - გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე. სახალხო დამცველის ეს დასკვნა ანი იანუშაიტიტეს ოჯახმა და ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში? ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესების დამცველმა ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, სახალხო დამცველს ივნისში გაუგზავნეს 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის მასალები და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობის შესწავლა მოითხოვეს. 4 მარტს მიღებულ დასკვნაში წერია, რომ „გამოძიება თავიდან მიმდინარეობდა არაეფექტიანად და დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები“. სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების არჩატარებამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და, შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ შესაძლოა, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ახლა უკვე უპერსპექტივოდაც კი ჩანდეს, ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ის მაინც მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისკენ მოუწოდებს. მათ შორის: შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება; შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება; გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა; ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა. სახალხო დამცველი 12 წლის ანის გარდაცვალების საქმის საგამოძიებო მოქმედებების შესწავლისას კიდევ ერთ საყურადღებო დეტალზე აკეთებს აქცენტს და დასკვნაში წერს: „მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე, შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში, ნაკლებად სავარაუდო ან საერთოდ გამორიცხულია. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. რადგან გასულია ხანგრძლივი პერიოდი, შესაძლოა, ვეღარ მოხდეს ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვება, რაც არსებითად აზიანებს გამოძიების ინტერესებს.“