თეგი: ანრი ოახანაშვილი

არასამთავროები: რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს

21 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ცენზურის ფონზე მომდინარეობს.“ „სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კონფრონტაციულ რეჟიმში მიმდინარეობს და კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვის დასრულების შესაძლებლობას არ აძლევს და აძევებს დარბაზიდან. ამ დროისათვის სხდომა დაატოვებინეს: თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ ჩარკვიანს, ანი წითლიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ქეთევან თურაზაშვილს. კითხვის დასმის შესაძლებლობა ეზღუდებათ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. კომიტეტის თავმჯდომარე ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სიტყვის ჩამორთმევის და გაძევების პრაქტიკა არღვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება არც პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს. აღნიშნული ნორმის მიზანია სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა და ის არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის მოსაზრების (მათ შორის, განსხვავებული აზრის) დაფიქსირების შესაძლებლობის ჩამორთმევას სხდომის თავმჯდომარის მიერ. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში კითხვებთან ერთად მოსაზრებების წარდგენის დაუშვებლობას, არამედ საკომიტეტო მოსმენამ უნდა უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის, ალტერნატიული წინადადების მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა. ამასთანავე, ოხანაშვილი უხეშად ერევა პარლამენტის წევრების უფლებაში, თავად განსაზღვრონ კითხვის შინაარსი და არ აძლევს სათანადო დროს მის დასასმელად, რითაც იხშობა კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება „რუსული კანონის” ერთპარტიულად განხილვის გარემო. მოვუწოდებთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომაზე მყოფ პირებს, მაქსიმალურად მისცეს კითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება,“ წერენ განცხადების ავტორები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი, სადაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს განიხილავენ, 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა. ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ლიკა საჯაია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა. ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად მივიდნენ და მიმართა, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემს. „კომიტეტის თავმჯდომარე გადაიქცა ცენზორად, უთიშავს მიკროფონს ყველას, ვისი აზრიც არ მოსწონს, უბრალოდ კითხვის დასმას ცდილობენ ადამიანები და აძევებს დარბაზიდან და ცდილობს, რომ რუსული მეთოდებით გაიტანოს რუსული კანონი. ჩემ შემთხვევაში, მისი გაბრაზება გამოიწვია კითხვამ. რომელიც ეხებოდა, რომ თუ კი ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვუფრთხით საფრთხეს ამ ქვეყანას, მაშინ რატომ არ ფიქრობენ ისინი, რომ უფრო მეტს საფრთხეს უქმნის ის 26 000 კომპანია, რომლებიც შეიქმნა საქართველოში რუსების მიერ ბოლო წლებში," - ამბობს ლიკა საჯაია. მანამდე, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე გააძევა. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვიდან, ოხანაშვილმა 8 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა