თეგი: არასამთავრობო ორგანიზაცია
არასამთავრობო ორგანიზაციები: მზად ვართ, ჩავერთოთ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებენ მზაობას, ჩაერთონ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში. „მიგვაჩნია, რომ დღეს, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, ერთადერთ პრიორიტეტს წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულება. შესაბამისად, ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სწორედ ამ მიზნისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მიზნამდე მისასვლელ გზებზე შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, არის საკითხები, რომლებიც ცალსახაა თავად რეკომენდაციებიდან, და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების სივრცეს. ევროკომისიის რეკომენდაციის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიან ჩართულობას ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების ინიციატივით, სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინაციაზე და ეფექტურ ჩართულობაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო. ჩვენ წლებია ვმუშაობთ ევროკომისიის რეკომენდაციებით განსაზღვრულ საკითხებზე. ჩვენს მიერ ჩატარებული თემატური კვლევები, მომზადებული ანგარიშები, დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვები და მოსაზრებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება რეფორმების და ცვლილებების სწორად, საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით წარმართვისთვის. ხელმომწერი ორგანიზაციები ვადასტურებთ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მონაწილეობის მზაობას და მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს: შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოაწყოს სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების პროცესებში ჩართულობის ფორმატსა და შემდგომი მუშაობის პროცედურებზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „მედიაომბუდსმენი“.
არასამთავრობი: იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა დეკლარაციების ნაწილში დარღვევები და ფაქტობრივი უზუსტობები აღმოჩნდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა, მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია - ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის, საჩხერის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, ზესტაფონის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებზე, რომლის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა - TI
საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევას აქვეყნებს სათაურით - „მედიაგარემო 3 მაისიდან 3 მაისამდე: უკუსვლის ქრონოლოგია“. მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებასა და ხარისხიან ინფორმაციას - ევროკავშირის წარმომადგენლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. „საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე (03.05.2022-03.05.2023) მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, მაგალითად, ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და მე–60 ადგილიდან საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ცნობით, ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაა ხაზგასმული. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის გამოხატვის თავისუფლება და ის, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ჟურნალისტები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სისტემატურად ეხმიანება მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას. გამოვყოფთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემოს სისტემურ გაუარესებაზე მიანიშნებს და დამახასიათებელია კლეპტოკრატიული მმართველობისთვის. მედიამენეჯერის დაპატიმრება - 2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებელს და დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგზის კრიტიკულად გამოეხმაურნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხვდა 2023 წლის „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიშში, ხოლო „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაპატიმრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 11-მა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაედგა ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. მათ მიერ 2023 წლის 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობაში დარჩენა აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და “ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიანიშნებს”. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ს ჰელსინკის კომისია. ძალადობა ჟურნალისტებზე და არასათანადო გამოძიებები - საქართველოში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები კვლავ მოექცა საერთაშორისო ორგანიზაციების ფოკუსში. სიტუაციას ამძიმებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამ დრომდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დღემდე იცავს. დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე. სისტემურია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისა და თვითცენზურის გაძლიერების პრაქტიკა. საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება კრიზისების პერიოდში. მაგალითად, 2023 წლის მარტში რუსული კანონის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები. ამავე აქციებზე დააკავეს „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა. 2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საგამოძიებო სამსახურებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. „სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება. მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. ამისთვის, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უფრო ვრცლად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
მთავრობის ადმინისტრაცია და კიდევ 19 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს, მათ შორის, არიან ისეთი მნიშვნელოვანი უწყებები, როგორებიცაა: მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა, 2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშვებელია „გამოუქვეყნებელი კონტრაქტების“ არსებობა, რადგან ეს კორუფციული შეთანხმებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. „გასულ წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდება, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა. 20-მა სახელმწიფო უწყებამ სხვადასხვა დროს შეწყვიტა გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება ან არასდროს გამოუქვეყნებიათ. ამასთან, ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული. გამოუქვეყნებელი კონტრაქტები რომ არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, ამას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდული, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. 2020-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 338 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება. მთავრობის ადმინისტრაციამ 26 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 41-ზე და ა.შ. შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. შსს-ს და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების ყველა შესყიდვა არ არის დაკავშირებული საიდუმლოებასთან. არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N13-ის მე-9 მუხლით განსაზღვრულია, რომ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა ატვირთოს. მიმდინარე წლის აპრილში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვა, ეცნობებინა, თუ რა არის კონკრეტული უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების არ გამოქვეყნების მიზეზი და რა ღონისძიებები გაატარა სააგენტომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. შესყიდვების სააგენტომ გვაცნობა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა CMR მოდულში ხელშეკრულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური ხარვეზები და სააგენტო ამჟამადაც ახორციელებს ქმედებებს ტექნიკური ხარვეზების სრულად აღმოფხვრის მიზნით. ამასთან ერთად, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რაც კანონში ასახული სიახლეების დანერგვისთვის შესყიდვების ელექტრონული სისტემის სრულ მოდიფიცირებას ისახავს მიზნად. ელექტრონული სისტემის განახლება კი არსებული ტექნიკური ხარვეზების სრულ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა რომ ნაწილობრივ აღმოიფხვრა, ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევებიც ადასტურებს. 2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა, ახლა კი ასეთ უწყებების რიცხვი 20-ია. თუმცა, ეს არ ამართლებს იმას, რომ ჩვენს მიერ ამ პრობლემაზე პირველად დაწერიდან 6 წლის შემდეგაც 20 უწყების, მათ შორის მსხვილი უწყებების კონტრაქტები ისევ არ ქვეყნდება. 6 წელი საკმარისზე მეტი დროა ტექნიკური ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. კონტრაქტების გაუმჭვირვალობა კორუფციული რისკების მონიტორინგს შეუძლებელს ხდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა სამართალდარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.