თეგი: ასოცირებული ტრიო
შალვა პაპუაშვილი: რადას თავმჯდომარის პოზიციაა, ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად უკრაინის, არამედ, ასოცირებული ტრიოსა და რეგიონის მიმართ
თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ვიზიტისას რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ფორმატზეც ისაუბრეს და რუსლან სტეფანჩუკმა ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ რადას თავმჯდომარის მიმართ. ამაზე გვქონდა საუბარი და მან თავადაც, საკუთარი ინიციატივით გამოთქვა პოზიცია, რომ აუცილებელია, ტრიოს ფორმატი შენარჩუნდეს და ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად, ვთქვათ, უკრაინის მიმართ, არამედ სწორედ ტრიოსა და რეგიონის მიმართ. ახლა პირველი ეტაპი არის კანდიდატობის საკითხი, შემდეგ უკვე მოდის გაწევრიანების მომდევნო და უფრო გრძელვადიანი ეტაპი. აქაც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს რეგიონული მიდგომა, რომელიც ევროკავშირს აქამდე ჰქონდა, ხოლო მეორე მხრივ, ეს არ იყოს გარკვეულად არც ვიზუალურად ისე წარმოდგენილი, თითქოს ისტორიის ამ მონაკვეთში ომი რომ არის უკრაინაში, ამ ომის გამო მოხდეს განსაკუთრებული მიდგომა უკრაინის მიმართ. ეს თავად რადას თავმჯდომარემაც აღნიშნა, ვინაიდან ყველას გვაქვს ეს ომები გამოვლილი. თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი კიევში, 2021 წლის 17 მაისს გააფორმეს.