თეგი: აფგან მუხთარლი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 სექტემბერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე – „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები დირღვა განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ჩიოდა, რომ იგი გაიტაცეს თბილისში 2017 წლის 29 მაისს, არასათანადოდ მოპყრობითა და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით, ან ჩუმი თანხმობით და რომ ამ მოვლენების გამოძიება არაეფექტური იყო. ამასთან, მუხთარლი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს და მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მიერ ადგილი ჰქონდა დარღვევას მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სასამართლო „ადგენს, რომ საქართველოს მიერ არ მომხდარა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი დარღვევა.“ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში ასევე კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. „საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, 2 500 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 6 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად,“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty Inrernational-მა მაშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ ვერ ჩაატარა საქმეზე ეფექტური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 2017 წლის 30 მაისს, გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). სასამართლომ საქართველო დამნაშავედ ცნო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევაში, თუმცა ამ მუხლების არსებითი ნაწილების დარღვევა ვერ დაადგინა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა. სასამართლომ აზერბაიჯანს 6000 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანის, ხოლო 2500 ევროს გადახდა ხარჯების ასანაზღაურებლად. ერთობლივ მოსაზრებაში მოსამართლეები სრულად დაეთანხმნენ პალატის დასკვნებს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოში გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენის გამო. მათ პალატა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არასაკმარისი ყურადღება დაეთმო ამ საკითხს, კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირების ზეგავლენას გამოძიებაზე და აზერბაიჯანში განმცხადებლის მიმართ ბრალდებების სანდოობას. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურმა განცხადებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე და დასძინეს, რომ პოლიციელები უფრო იმყოფებიან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ვიდრე მოსამართლეები, რამაც შესაძლოა, გამოძიების მიუკერძოებლობა შეარყიოს.