თეგი: აფგან სადიგოვი

შსს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქართველოში დაკავებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. კერძოდ, საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ქართული მხარე უარს აცხადებდა მის ექსტრადიციაზე, თუმცა ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა. „ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა. საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან,” - განმარტავს უწყება. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. შსს აცხადებს, რომ სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. ადვოკატი და საია დარღვევებზე მიუთითებენ.