თეგი: აფხაზეთის ენერგეტიკა
2021 წელს კრემლი ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას აქტიურად ცდილობდა - სუს-ის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, ნათქვამია, რომ 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას. მისივე თანახმად, ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები“. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს რამდენჯერმე წამოიჭრა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების „პოლიტიკურ პროცესებში“ მონაწილეობის საჭიროების საკითხი, მათ შორის, „რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების“ კონსოლიდაციის გზითაც. „საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კრიტიკულად შეზღუდვა განიზრახეს. აღნიშნული მიზნად ისახავდა ოკუპირებული რეგიონის იზოლაციას და ადგილზე ანექსიური პროცესების განხორციელების გამარტივებას. 2021 წელს კვლავ განიხილებოდა ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას „რუსეთისთვის მიკუთვნების“ საკითხი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა აღნიშნული საკითხისთვის აქტუალობის დაკარგვას და კონკრეტიკის გარეშე აცხადებდა, რომ ხსენებულ მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციას „ტერიტორიული პრეტენზიები“ არ აქვს. მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხი, ვინაიდან ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. საოკუპაციო ძალა ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის საფუძვლად „ერთიანი ოსეთის“ გამოგონილ ცნებას იყენებს, რაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასა და ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის ე.წ. გაერთიანებას გულისხმობს“, - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.