თეგი: აღმოსავლეთ პარტნიორობა
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ცალსახაა და ეს ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშებით, განცხადებებით, ასევე ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის დონითაც დასტურდება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც არის განპირობებული. „ევროკავშირი საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად მოიაზრებს“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, განხორციელებული რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, საქართველოს აძლევს საფუძველს ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ „საქართველოს მომავალი ევროპულია და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“. ამ კუთხით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებსა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მათი მიმართულებებით გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს. „დღის წესრიგი ნათლად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალ დონეს და მასში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
ნიკოლოზ სამხარაძე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ახალ მიდგომებს საჭიროებს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენცია „ფორუმი 2000“-ის პანელზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“. პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ევროკავშირის წევრობის გზა აირჩიეს. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებულ პირობებში, როდესაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და გაწერილი პირობები, აღმოსავლეთ პარტნიორობა გადახედვას საჭიროებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობა საჭიროებს გადახედვას და ახალი იდეების გენერირებას. საქართველო მიიჩნევს, რომ მისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მთავარი პლატფორმა არის ასოცირების ხელშეკრულება და ის რეკომენდაციები, რომლებიც მიღებული აქვს ქვეყანას. აღმოსავლეთ პარტნიორობა ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური. თუმცა, ის რელევანტური რჩება ევროკავშირისთვის, რომ მას ჰქონდეს ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენს რეგიონში, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა მკვდარია, არ იქნება სწორი, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ ის საჭიროებს ახალ მიდგომებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის წარმომადგენლებმა. „ფორუმი 2000-ის“ 26-ე ყოველწლიური კონფერენციაში, რომელსაც პრაღა მასპინძლობს, ევროკავშირის საგარეო მინისტრებთან ერთად, ევროპარლამენტარები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ევროკავშირი მზადაა, აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ ცნობიილ გახდა, რომ ევროკავშირმა საკუთარი ერთგულება დაადასტურა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს. ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ერთმანეთს უნდა ავსებდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირის გაფართოების პროცესი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი გააგრძელებს იმ აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ჩართულობა, მათ შორის კიბერ, ჰიბრიდული და სხვა არასამხედრო საშუალებების მიწოდებით რეგიონში მათი მედეგობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად. გარდა ამისა, დაკავშირებადობის საკითხების განსახილველად, ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, მიიწვიოს პარტნიორები სხვა რეგიონებიდან, მათ შორის ცენტრალური აზიიდან. შეგახსენებთ, დღეს, ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები საქართველოს ეწვევიან
6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. „აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებას. ამ ფონზე, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს ვიზიტის ფარგლებში საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებსა და ამ მხრივ უკვე არსებულ მნიშვნელოვან შედეგებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრებმა რეგიონული როუმინგის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებმა როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირეს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები; ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი; ევროკომისარი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი; ასევე, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს 2022-2023წწ. განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მათ შორის იმსჯელეს ინიციატივის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობასა და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე. დიდი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობას. მინისტერიალის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას. მინისტერიალზე ევროკავშირის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს. ამასთან, ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ; დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით და გამოითქვა მზაობა საქართველოს შემდგომი დახმარებისთვის ამ პროცესში. მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმა მ/წ. 8 ნოემბრის ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც საქართველოს მიერ გაწეული ძალზედ ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აშკარა აღიარებას წარმოადგენს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები მხარს დაუჭერენ ევროკომისიის ამ რეკომენდაციას და 15 დეკემბერს კიდევ ერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის ინდივიდუალური დამსახურებებისა და პროგრესის საფუძველზე, რაც გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მისი მხრიდან, ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების პროცესში, მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და მზადყოფნის გათვალისწინებით. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მხრიდან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ფორმატის ფარგლებში შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე და საქართველოს საფლაგმანო პროექტების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის მოსახლეობას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის. აქცენტები გაკეთდა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.