თეგი: აშშ-ს დაზვერვა
პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა - ევრილ ჰეინსი
აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის ევრილ ჰეინსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობის გეგმაზე უარს არ ამბობს. ამის შესახებ Reuters წერს. „ჩვენ ისევ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური მიზნები არ შეცვლილა. რაც იმას ნიშნავს, რომ მას უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა ისევ სურს“, - განაცხადა ჰეინსმა აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროსთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, ამერიკის დაზვერვამ მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სცენარი შეიმუშავა. „ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევა „ჩაძირული კონფლიქტის“ სცენარი, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მხოლოდ მცირე მოგებას მიაღწევს. სხვა სცენარებია - რუსეთის ფართომასშტაბიანი გარღვევა ან ფრონტის ხაზის წარმატებული სტაბილიზაცია უკრაინული ძალების მიერ. შესაძლო, მაგრამ უმნიშვნელო წარმატებებით ხერსონის რეგიონში და სამხრეთ უკრაინის სხვა დასახლებებში. „მოკლედ, სიტუაცია საკმაოდ რთული ჩანს“, - განაცხადა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.