თეგი: ახალგარზდები
ახალგაზრდების უმეტესობა (62%) ამბობს, რომ საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული - კვლევა
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა, მეტწილად, მათი გარშემომყოფებისა და, ზოგადად, ქვეყნის მატერიალური მდგომარეობის მსგავსია. ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ მათ ოჯახს საკმარისი ფული აქვს საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად. ახალგაზრდები თავის ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო არასტაბილურად მიიჩნევენ, ვიდრე მამაკაცები და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. რაც შეეხება შემოსავლის წყაროებს, ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე (მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე) არიან დამოკიდებულნი, ხოლო გამოკითხულთა 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად, ხელფასი, სესხი ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი. ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს, მათ, ვინც 24 წლამდე ასაკშია, თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს. • ახალგაზრდების თითქმის სამი მეოთხედი (72%) აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხით მეტწილად კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია. სწავლის პროცესში მყოფ გამოკითხულთა ორი მესამედი (69%) მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება მათ შრომის ბაზრისთვის სათანადოდ ამზადებს. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრებები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები. • 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში. • ახალგაზრდების დაახლოებით მეოთხედს (24%) მოხალისეობრივად გაუკეთებია არაანაზღაურებადი სამუშაო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში. ოდნავ მეტი ალბათობაა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები, დასაქმებული და დაუოჯახებელი ახალგაზრდები შეიძლება ჩართულიყვნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში. • როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ დემოკრატიას ახალგაზრდა ადამიანები სახელმწიფოს მართვის საუკეთესო სისტემად მიიჩნევენ. გამოკითხულთა დიდი რაოდენობა (44%) საქართველოში დემოკრატიის ამჟამინდელ დონეს დადებითად აფასებს. თბილისთან შედარებით (33%), სადაც საქართველოში დემოკრატიის დონეს შედარებით ნაკლებ დადებითად აფასებენ, დადებითი შეფასებები უფრო მეტად იკვეთება სხვა ქალაქებსა (47%) და სოფლებში (50%). პოლიტიკისადმი ინტერესი და პოლიტიკური ჩართულობა კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხვის შედეგები ახალგაზრდა ადამიანების ზოგად აპათიას მოწმობს, რაც თანხვედრაშია საქართველოში ჩატარებულ სხვა კვლევებთან. ახალგაზრდების უმეტესობა (62%) ამბობს, რომ საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული. ისინიც კი, ვინც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულნი არიან პოლიტიკით, იშვიათად განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს თანატოლებთან თუ ოჯახის წევრებთან, ნაკლებად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს. ახალგაზრდების 62% აღნიშნავს, რომ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით, 10% არ არის ძალიან დაინტერესებული, დაახლოებით მეოთხედი გარკვეულწილად დაინტერესებულია, და მხოლოდ 4% არის ძალიან დაინტერესებული. საგულისხმოა, რომ რესპონდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი განსაზღვრავს პოლიტიკის მიმართ მათი ინტერესის დონეს (დიაგრამა 11). ახალგაზრდების დაახლოებით ერთი-მესამედი (38%) აღნიშნავს, რომ ან ნაკლებად დაინტე- რესებულია, ან გარკვეულწილად ან ძალიან დაინტერესებულია პოლიტიკით. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარი აღნიშნავს, რომ დაინტერესებულია პოლიტიკით. უმუშევარ რესპონდენტებთან შე- დარებით (34%), ათი პროცენტით მეტი დასაქმებული ახალგაზრდა (44%) ინტერესდება პოლიტიკით. ამასთან, თბილისს გარეთ მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით, თბილისში მცხოვ- რები ახალგაზრდები (43%) უფრო მეტად არიან დაინტერესებული პოლიტიკით. ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით, ასევე ჰკითხეს პოლიტიკური საკითხების განხილვის სიხშირის შესახებ. ახალგაზრდების თითქმის სამი- მეოთხედი (მათ შორის, ვინც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია პოლიტიკით) არასდროს (25%), ან იშვიათად (51%) განიხილავს პოლიტიკას მეგობრებთან ერთად. მხოლოდ ყოველი მეხუთე რესპონდენტი ამბობს, რომ ხშირად, ხოლო 4% - ძალიან ხშირად განიხილავს პოლიტიკას პოლიტიკის მიმართ აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ეცნობა პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას (დიაგრამა 12). გამოკითხულთა ერთი-მესამედი (34%) მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა, ხოლო ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (22%) - კვირაში ერთხელ მაინც. გამოკითხულთა 28% თითქმის არ ეცნობა პოლიტიკურ ახალ ამბებს, ხოლო 15% ეცნობა პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც. ეთნიკურად ქართველი, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები უფრო ხშირად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს. კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს. რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რაც შეეხება კვლევის თვისებრივ ნაწილს, თბილისში ჩატარდა ოთხი ფოკუსჯგუფი 14-29 წლის ახალგაზრდების მონაწილეობით. კვლევის ინსტრუმენტები, მათ შორის, სადისკუსიო გეგმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, დოქტორი ფელიქს კრავაცეკის და R-Research-ის თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდა.