თეგი: ახალი წელი
საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს - კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრადიციულად, საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს. „ახალი წელი ახლოვდება და ამისთვის ყველა ერთად ვემზადებით. 2017 წელს დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია – ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები, რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას ქალაქის მორთვაში. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ. უკვე ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს მზაობას, რომ მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის გალამაზებაში, აიღონ ვალდებულება კონკრეტულ სკვერებთან და მწვანე სივრცეებთან მიმართებაში. ძალიან გვიხარია, რომ ბიზნესსექტორი ამით დაინტერესებულია. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ სუბიექტს, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში, გამოხატოს მზაობა. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, გამოგიყოთ შესაბამისი სივრცეები, სადაც შეძლებთ, საახალწლო ილუმინაციები თქვენი კომპანიის ლოგოებით მოაწყოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საახალწლოდ ხორცპროდუქტების მოხმარებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხორცი ხშირად იყიდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: · ხორცი ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; · ეტიკეტი განთავსებული იყოს თვალსაჩინო ადგილას. ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: · ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო; · თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; · თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც; · სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი. არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ ობიექტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
დამწვრობის ცენტრის დირექტორი: პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა
საქართველოში ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 40% ბავშვები, ხოლო 60% მოზრდილები არიან. ამის შესახებ Europetime-ს დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. ამასთან, ქაშიბაძემ მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. "ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 40% ბავშვები არიან, ხოლო 60% მოზრდილები. საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სერიოზულად არავინ დაშავებულა. მინდა კიდევ ერთხელ, საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდო. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ პიროტექნიკის გამოყენება იციან, თუმცა ყველაფერი სამწუხაროდ, სხეულის დაზიანებით მთავრდება. კიდევ ერთხელ გეტყვით, ვიყოთ ფრთხილად", - განუცხადა ქაშიბაძემ Europetime-ს. კალაძე პიროტექნიკის გამოყენებაზე: სამომავლოდ, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 2023 წლის დადგომა უკვე იზეიმეს
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი წლის დადგომა იზეიმეს. 2023 წლის დადგომას ყველაზე ადრე საშობაო კუნძულზე ზეიმობენ, (კირიბატი), რომელიც ცენტრალურ წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ისევე როგორც კუნძული სახელმწიფო სამოა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში და ამავე არქიპელაგის დასავლეთ ნაწილს იკავებს. 2023 წლის დადგომა უკვე იზეიმეს ჩათამის კუნძულებზე (ან რეკოჰაში), რომლებიც ახალი ზელანდიის ნაწილია. ასევე ახალ ზელანდიაში, ფიჯიზე, კუნძულ რავაკიზე (მდებარეობს ფენიქსის არქიპელაგში და ეკუთვნის კირიბატს), ტონგას კუნძულებზე. ახალი წელი უკვე დადგა მარშალის კუნძულებზე, ნაურუში, ტუვალუში, ქალაქ ბაირიკში, რომელიც მდებარეობს ტარავას ატოლზე ცენტრალურ წყნარ ოკეანეში (კირიბატი), სოფელ კინგსტონში (ავსტრალიის სამხრეთ წყნარი ოკეანის გარე ტერიტორიის დედაქალაქი). ნორფოლკის კუნძული). 2023 წელი უკვე იზეიმეს ავსტრალიის ქალაქებში სიდნეიში (ახალი სამხრეთი უელსი), მელბურნში (ვიქტორია), კანბერაში (ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორია), ჰობარტში (ტასმანია), ლორდ ჰოუის კუნძულზე (ავსტრალია), მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებში, სოლომონის კუნძულებზე. ახალ კალედონიაში, ვანუატუში და ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში (სამხრეთ ავსტრალია).
ცნობილია, ბორის ჯონსონის საახალწლო პროგნოზები
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე 2023 წლის პროგნოზები გამოაქვეყნა. ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა „აქ არის ჩემი საახალწლო პროგნოზები! ინფლაციის შემცირება გაგრძელდება, ჩინეთი ომიკრონს დაამარცხებს, პუტინი უკრაინაში დამარცხდება. მთლიანობაში, 2023 წელი მნიშვნელოვანად უკეთესი იქნება, ვიდრე 2022 წელი. გაბედეთ იოცნებოთ. გილოცავთ ახალ წელს!“- წერს ჯონსონი Twitter-ზე.
თბილისის ნაძვის ხე და ილუმინაციები 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, 16 დეკემბერს კი, საახალწლო სოფელი გაიხსნება
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, 16 დეკემბერს კი საახალწლო სოფელი გაიხსნება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 15 დეკემბერს მსმენელის წინაშე წარდგება იტალიელი მომღერალი სტეფანო სინიორონი ბენდთან ერთად. „15 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია აინთება საზეიმოდ. მინდა მივმართო მოსახლეობას, ყველას ვისაც სურვილი აქვს მობრძანდით საღამოს, 20:00 საათზე. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს, ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე წარდგება ბენდი იტალიიდან. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 16 დეკემბერს ასევე დაგეგმილი გვაქვს საახალწლო სოფლის დაგხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანი ელოდება. საახალწლო დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს მრავალფეროვანი კვების და ტკბილეულის ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა საციგურაო ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ლოკაციებს რაც შეეხება, ეს არის: ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე დედაენის ბაღში იქნება საახალწლო სოფელი. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ. საახალწლო სოფელი 7 იანვარს, მუსიკალური საღამოთი დაიხურება,“ - აღნიშნა კალაძემ.
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. "მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ," - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საახალწლო ღონისძიებებისთვის მოსამზადებელ პერიოდში, რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება. კერძოდ, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 16 დეკემბრის 02:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაიკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორივე ზოლი. თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზონა ასევე, გათავისუფლდება ლესია უკრაინკასა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე. აღნიშნულ პერიოდში, რუსთაველის გამზირიდან, ტ. შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპოტო საშუალებები ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას შეძლებენ ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით; აღნიშნული ქუჩებიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის გამოყენებით; რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან, ა. ჯორჯაძის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობა დასაშვები იქნება გ. ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით. 15 დეკემბრის 10:00 საათიდან 16 დეკემბრის 01:00 საათამდე, განხორციელდება სატრანსპორტო მოძრაობის სრული შეზღუდვა და საპარკინგე ზონის გათავისუფლება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის გამზირი, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, ლესია უკრაინკას და არჩილ ჯორჯაძის ქუჩები). რუსთაველის გამზირიდან - ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ნ. ვაჩნაძის (ლ. გუდიაშვილის შესახვევი) ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან (გ. ჭანტურიასა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან) თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება - ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ა. ფურცელაძის ქუჩებიდან. თავისუფლების მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით სრულად, რუსთაველის გამზირისა და გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, რ. ლაღიძის, შ. მესხიასა და ინაშვილის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გ. ლეონიძის, პ. ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძისა და ა. გრიბოედოვის, პ. კაკაბაძის, კ. მაყაშვილის და ვ. ბარნოვის ქუჩების გამოყენებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნ. ბარათაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩების გამოყენებით. რუსთაველის გამზირის გადაკეტვისას, მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტობუსების - N301, 306, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 397 კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ რუსთაველის გამზირზე არსებულ ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც დაუკავშირდებიან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ; უკუმიმართულებისას, N306, 310, 314, 326, 342, 352, 358, 359, 388, 397 ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო ავტობუსები: N301, 331, 337, 345 ბარათაშვილის ხიდზე მოხვედრისას მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებენ იუსტიციის სახლისკენ, იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოსა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის, 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. მერიის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე), ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე. „აგრეთვე, შეზღუდვის პერიოდში, ალექსანდრე ინაშვილისა და შოთა მესხიას ქუჩებიდან, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რევაზ ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი შენგელაიას, თამარ ჭოველიძის, ბესარიონ ბელინსკის, კოტე მაყაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო ვასილ ბარნოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-დან 5 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წლის დადგომა რამდენიმე ქვეყანაში უკვე იზეიმეს
პირველი ქვეყანა, სადაც 2024 წელი იზეიმეს, კირიბატი, იგივე შობის კუნძულია. ახალი წელი უკვე დადგა ახალ ზელანდიაშიც. ათასობით ადამიანი ოკლენდის Sky Tower-თან შეიკრიბა, სადაც ახალ წელს ყოველწლიური მასშტაბური ფოიერვერკით შეხვდნენ. ახალი წელი უკვე დადგა ტონგასა და სამოაშიც. უამრავი ადამიანი შეიკრიბა სიდნეიში, ავსტრალიაში, სადაც ახალ წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საახალწლო ფოიერვერკით, თბილისის დროით 17:00 საათზე შეხვდნენ.
სალომე ზურაბიშვილი: ახალ წელს გილოცავთ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი, აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ლამაზი ნაძვის ხე
„ახალ წელს გილოცავთ იმ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი, აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ხიდის ორივე მხრიდან, რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუს მიცემულ საქართველოს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა პრეზიდენტმა ახალი წელი მოსახლეობას ორ ადგილიდან - ენგურის ხიდზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაწერილი ვიდეომიმართვით მიულოცა, რითაც ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა 2023 წლის მიღწევაზე - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, „სიძნელეებისა და მტკივნეული მომენტების“ შესახებ. "გილოცავთ ახალ წელს, 2024 წელს. გილოცავთ იმ ადგილიდან საქართველოში, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ამ ხიდის ორივე მხრიდან. რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუს მიცემულ საქართველოს.გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც დგას ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას, როგორც სახელმწიფო სიმბოლო და როგორც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი, ყველას ერთიანობის სიმბოლო - აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, ჩვენი დიასპორის მოქალაქეების. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველასი, თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა.ჩვენ როცა ვამბობთ: „ერთიანობა“, ეს არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი გაგვაჩნია. მინდა, რომ სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს - სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა.ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა სიძნელეები, რა მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს. არ გვავიწყდება არც რაჭაში შოვის ტრაგედია, არც გურიის ტრაგედია, არც ყოველდღიური ტრაგედია, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერ ზეწოლის ქვეშ. ჩვენ არ გვავიწყდება ეს ყველაფერი და ამით ვცხოვრობთ, რომ ეს არ განმეორდეს.არც ის არ გვავიწყდება, რომ ეს წელი იყო 8 მარტის წელი, ასევე, ჩვენი ერთიანობის. ეს იყო 8 ნოემბრის წელი, ერთიანი გამარჯვების. ამდენად ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება, ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც ჩვენ მივხვდებით იმას, რომ სხვადასხვა აზრების ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლებასა და სამართლიანობასაც გავამარჯვებინოთ. მე ამას გისურვებთ და ვიქნები ამის სადარაჯოზე თქვენთან ერთად.გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად ჯანმრთელობას პირველ რიგში, ბედნიერებას და ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით. "ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში.მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, და ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა. და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით; ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად.დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს.როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა პირადი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს - დიდისა თუ პატარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, გმირი პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ჩვენი გულისხმიერი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროს ღირსეული წარმომადგენლების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, საჯარო მოხელეების, ვეტერანების, ფერმერებისა თუ მშენებლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეთა ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ - ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ძლიერი, ერთიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ თითოეული თქვენგანის როლი ამ პროცესში შეუცვლელი და უნიკალურია.გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ!“
პატრიარქი: მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ, სიტყვას აქვს ძალა - იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა თქვენდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოქალაქეებს 2024 წელი მიულოცა. პატრიარქმა საქართველო დალოცა და აღნიშნა, რომ სიტყვას აქვს უდიდესი ძალა. „მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ. სიტყვას აქვს ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი - ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, გიხაროდეს შინ და გარეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. მშვიდობა თქვენდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ!“ - აღნიშნა პატრიარქმა.