თეგი: ბადრი ჯაფარაძე
კელი დეგნანი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: როდესაც ხალხს კითხვები უჩნდება საქმეების შედეგების სანდოობაზე, ეს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მუშაობს
უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის საქმე რომლის შესახებაც ბევრი კითხვა გაჩნდა ბრალდებებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც ქართველ ხალხს უჩნდება კითხვები საქმეების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, ეს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის წინააღმდეგ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთელი საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მუშაობს საქართველოსთან ერთად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს. მაგრამ ამის მსგავსი საქმეები, რომელიც წარმოშობს კითხვებს კანონის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეების უნართან დაკავშირებით, აღასრულონ კანონი წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე, ეს მხოლოდ კანონის მიმართ ნდობას უთხრის ძირს“, - განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გასულ წელს აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესები შეჩერდა. 2020 წლის იანვარში დამძიმდა ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარკვეული პერიოდით ის უცხოეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. ამასთან პროცესების შეჩერება დაემთხვა 2020 წლის ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებას.