თეგი: ბათუმი
2 აპრილს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება
2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულება ცესკომ პირველი თებერვლის სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 2022 წლის 2 აპრილს რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. ცნობისთვის, პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
ბათუმში აქციაზე, პოლიციამ 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი თანაგუნდელები გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, კობახიძისთვის შეკითხვების დასმის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა
ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს
რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მაისს, რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება. მათივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის დედაქალაქში საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს. რიგაში, ავიაკომპანია Air Baltic-ისა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და რიგა-ბათუმის ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ავიაკომპანია Air Baltic რიგადან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე იფრენს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ბათუმის მიმართულებაზე მოთხოვნა მაღალია, როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას გეგმავს, რათა ტურისტებმა ბათუმში ჩამოფრენა რიგის გავლით, სამივე ქვეყნიდან შეძლონ. რიგაში გამართულ შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და საქართველოში ლატვიელი ტურისტების შემოყვანის საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე ესწრებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს. ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა.მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის დასაგზაო მოძრაობის აღდგება. პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა
19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. "გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 19-დან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://ticket.railway.ge/", - ნათქცამია განცხადებაში.
დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა
დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. Uzbekistan Airways - მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ. "ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც რეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. დღეიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს ანახლებს ავიაკომპანია Air Astana, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში ასტანადან შეასრულებს. ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება, მათ შორისაა, ორი ახალი რიგისა და ტაშკენტის მიმართულება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-ითაა აღდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. "ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა, როგორც ტურიზმის ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან DNATA, რომელიც მილიონობით მგზავრისთვის ბათუმის ტურისტული პაკეტების შეთავაზებას აქტიურად იწყებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა და სალაროს გახსნა მოითხოვა. ამ ეტაპზე ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. „საქართველოს ბანკის“ აღნიშნულმა ფილიალმა მუშაობა უკვე განაახლა.
შსს ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 12-დან 13 ივნისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით, დამატებით ღამის რეისს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაშავებული 20 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაშავებული 20 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა კაცი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზეა იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია თავის არეში. ცნობისთვის, გუშინ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ფაქტზე, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
კელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განიხილებოდა ის გზები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. „აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავი რეგიონული ვიზიტებისას ელჩი დეგნანი მოხარული იყო მოსამართლეებთან შეხვედრის შესაძლებლობით. საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განიხილებოდა ის გზები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. ელჩისთვის პატივი იყო დღეს შეხვედროდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე სასაუბროდ. გასული 30 წლის განმავლობაში ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები და იურისტები ერთად მუშაობენ საქართველოს სასამართლო სისტემის გამტკიცებისა და მოდერნიზაციისთვის იურიდიული განათლების, ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების საშუალებით. შეერთებულ შტატებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის 30-წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში 6 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ასობით მოსამართლე, შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით გაიგზავნა. ხალხთა შორის ეს კავშირები წარმოადგენს ჩვენი მტკიცე პარტნიორობის საფუძველს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სასამართლოს შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელდა.
ბათუმში 8 წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა
ბათუმში 8 წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის გადაყვანილი. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
შემოსავლების სამსახური: თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს - კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ლევან დავითაშვილი: ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და ტვირთით გემი შემოვიდა, ეს ფაქტია. საბაჟოს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „საერთო ჯამში სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად ერთ ოთახიანი, ორ ოთახიან ბინად და ა.შ. არ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა საქმის ადვოკატმა რამინ პაპიძემ. ცნობისთვის, გასული წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.
შემოსავლების სამსახური: 4 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემსა და მის მფლობელ კომპანიაზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი (რეგისტრაციის ნომრით- m/v “VF Tanker-15” IMO # 9645047), რომელიც დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული ტვირთით. მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. „ამასთან, განვმარტავთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემი (რეგისტრაციის ნომრით - NEFTERUDOVOZ-47M) არის ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი შემოსულია ეგვიპტიდან, „დამიეტტას“ ნავსადგურიდან, ხოლო ბათუმის ნავსადგურიდან გეგმავს ტვირთის გატანას ექსპორტზე. აღნიშნულ გემზე, ისევე როგორც ტვირთზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა (აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით 30 ივნისს გაავრცელა).ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს
მუსლიმური სამყაროს უდიდესი დღესასწაული ყურბან-ბაირამი ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით, მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ, სადღესასწაული ლოცვა კი მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მუსლიმი მორწმუნეები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. ცნობისთვის, ყურბან-ბაირამი ბიბლიურ თქმულებას უკავშირდება. უშვილო აბრაამმა ღვთის წინაშე პირობა დადო, რომ შვილი თუ მიეცემოდა, უფალს საყვარელ არსებას შესწირავდა. მას მართლაც გაუჩნდა შვილი და სიზმარი ნახა, რომ მადლიერების გამოსახატად ღმერთისთვის სწორედ შვილი უნდა შეეწირა, აბრაამმა ღვთისადმი მიცემული პირობა არ დაარღვია და შვილი სამსხვერპლოზე მიიყვანა. თუმცა უფალი მის ერთგულებაში დარწმუნდა და შვილის ნაცვლად შესაწირად ზვარაკი გამოუგზავნა. მუსლიმურ სამყაროში სწორედ ამ თქმულებას მიიჩნევენ ყურბან-ბაირამის საფუძვლად და ამ დღეს უფალს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ. ამდენად, მუსლიმებისთვის ეს დღესასწაული ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. იგი სამ დღეს გრძელდება.
20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი საგანი დაეცა, დაიღუპა
ჰოსპიტალ "ბაუ"-ში 10 ივლისს გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 12 ივნისს ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი ბლაგვი საგანი დაეცა. კლინიკა „ბაუს“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ახალგაზრდა 12 ივნისს თავის ქალის მძიმე ტრავმით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების მიერ პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი გარდაცვალებამდე გრძნობაზე არ მოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 12 ივნისს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.
25 ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება
25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნეს კლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი დღეიდან იზრდება
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. 25 ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება მათივე ცნობით, 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნესკლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურა: პირს, რომელმაც ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მძინარე თანასაკნელს დაზიანებები მიაყენა, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
პირს, რომელმაც ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მძინარე თანასაკნელს დაზიანებები მიაყენა, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ
ბათუმში, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალი პროექტის - მოტომედიკოსების განხორციელებას იწყებს. დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება ეფექტური, ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე გაიზრდება ოპერატიულობა. მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს. ქ. ბათუმში ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 30 წლამდე კაცს პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 30 წლამდე კაცს პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, დაზარალებული და ბრალდებული ერთ სახლში ქირით ცხოვრობდნენ და ოჯახებით ახლობლები იყვნენ. ამასთან, პოლიციაში ფაქტის შესახებ შეტყობინება არასრულწლოვნის დედამ და მისმა მეგობარმა გააკეთეს. დაზარალებული მხარის წარმომადგენლები, ამ ეტაპზე მომხარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო
ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ $100 მილიონი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება. „მინდა ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე, რომ მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ჰყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და პროექტი უმაღლესი კლასის პროფესიონალებმა შეაფასეს. „ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარლებისთვის. კიდევე ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო „ამბსადორ ჯგუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ჩვენ ყველას გვახარებს. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
განათლების სამინისტრო: School Club Georgia-ს არ აქვს საქართველოში საქმიანობის უფლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ School Club Georgia არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას, – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან. როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ბათუმის სკოლაში რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა, გაათავისუფლეს დირექტორი
ბათუმში, მეშვიდე საჯარო სკოლაში რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი. მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა. მაია ხაჯიშვილის განმარტებით, სკოლის დირექტორის მხრიდან, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტეს. „იმ გარემობის გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას. ვინაიდან, სასწავლო რესურსის დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია კანონმდებლობით და კონსტიტუციით. შესაბამისად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად, მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ერთ-ერთი მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული“, - აღნიშნავს მაია ხაჯიშვილი. ცნობისთვის, ხსენებული სკოლის მოსწავლემ, სკოლის სტენდზე, რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხია. ამ დროშებთან ერთად სტენდზე სხვა ქვეყნების ეროვნული სიმბოლოებიც იყო განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს „სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის“ საყვედური გამოუცხადა. მანამდე, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოზარდმა კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია.
ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა
ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო, ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე ავრცელებს. „World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი“, – წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა ეს ტიტული 2019 წელსაც მოიპოვა.
ბათუმში, კორპუსის მეათე სართულიდან კაცი გადავარდა
ბათუმში, კორპუსის მეათე სართულიდან კაცი გადავარდა. როგორც ცნობილია, ადგილზე მისულ ექიმებს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. უბედური შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია.
ბათუმში ერთმანეთს მატარებელი და ავტობუსი შეეჯახა
ბათუმში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ Tv25.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება. Europetime-ს შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დამატებითი დეტალები ზუსტდება და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. Europetime ინფორმაციისთვის „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. მომხდარზე კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს
ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების - დამაკმაყოფილებელი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა
ახალგაზრდა კაცი, რომელიც წუხელ ბათუმის ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა „მედცენტრი“ ადასტურებს. ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდაა. Europetime-სს შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.
ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს
ბათუმში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა. ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (19-109-ე მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს) და 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.
ძლიერი წვიმის გამო, ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ბარცხანისა და თამარის დასახლების გარკვეული მონაკვეთი დაიტბორა. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. როგორც „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, ამ დროისთვის სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ზღვაში გამსვლელი არხები იწმინდება. „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით არიან მობილიზებული და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ", - აღნიშნეს უწყებაში.
ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ნარკოტიკული საშუალებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკის მოქალაქის უ.ჟ.ტ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ჯამში 4.131 გრამი და ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (165 აბი, 6 ამპულა,11 კაფსულა ) აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261 და 262-ე მუხლებით.
ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ამის შესახებ ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი. „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები. მიმდებარეობს ქუჩების დატბორვა. შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ გამოკვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.
ბათუმის პორტში გამნაღველები მუშაობენ
ბათუმის პორტში გამნაღველები მუშაობენ. გავრცელებული ინგორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც ნავსადგურიდან გასვლას აპირებს, აფეთქდება. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია. Europetime-ი ინფორმაციას შსს-ში არკვევს.
გერმანიის მთავრობა ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 55 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისთვის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი. მათივე ცნობით, შედეგად 200 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა ჰიგიენურად უსაფრთხო სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ. „თანამედროვე წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად კანალიზაციის წყლები პროფესიონალურად გაედინება და იწმინდება. ასევე ახალი სანიაღვრე სისტემისა და წვიმის წყლის სატუმბი სადგურის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ქალაქის ცენტრის დატბორვის საფრთხე. სანაპიროსთან დელფინებიც კი გამოჩნდნენ, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. დაფინანსების ახალი შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება. განხორციელდება სასმელი წყლის ძველი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა გაფართოვდება და აღიჭურვება შლამის დამუშავებისა და საკვები ნივთიერებების ელიმინაციის სისტემებით. მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყლის“ ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა KfW-ის მეშვეობით, პროექტისათვის გამოყოფს 53 მილიონი ევროს ოდენობის სესხს და ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის“, – აცხადებენ საელჩოში.
თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას - ღარიბაშვილი
თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგი ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით. გვინდა, მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგი მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, – განაცხადა პრემიერმა.
ბათუმში, "ვოქსის" კორპუსში ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ "ვოქსის" კორპუსში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე, რესტორანს გაუჩნდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. შენობიდან მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინ არის. გათიშულია ელექტროენერგია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. „ჟურნალისტებთან კომენტარს ვწერდი, ამ დროს ეთერში უცნობმა პირმა ზურგიდან კვერცხების სროლა დაიწყო. მე არ ვიცნობ, ამ ადამიანს. მითხრა აქაური ვარო, მაგრამ ჩვეულებრივად სუს-ის გამოგზავნილი „ტიტუშკაა“, რომელიც ლაჩრულად იქცევა”, - განაცხადა გიორგი კირთაძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.
ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობა დაიწვა
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ამასთან, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.
ბათუმში, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულიდან გადავარდნის შემდეგ გარდაიცვალა
ბათუმში, 35 წლამდე ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულიდან ფანჯრის წმენდის დროს გადმოვარდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. „ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. მოძრაობის განრიგი იხილეთ მოცემულ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სუს-ი ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გ.ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა
ბათუმის ვიცემერმა, ლევან დავითაძემ და მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი გადაეცათ. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით და ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას ბავშვზე მორგებული ქალაქის სერტიფიკატისა და ამ წოდების მისაღებად“, - განაცხადა ღასან ხალილმა. „ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის, 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვას. მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგიული ჩარჩოსა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ჩატარდა არაერთი კვლევა და ანალიზი, შეიქმნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის UNICEF-ის ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, „იუნისეფის“ წარმომადგენლების ჩართულობით, სტრატეგიული ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის მიმართულებებისა და ღონისძიებების განსასაზღვრის კუთხით იმუშავა“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, 1 პირი დააკავეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში 1980 წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში 42 წლის ქალს გლოვობენ. ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა. ამასთან, ოჯახის მტკიცებით კი, ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს.
ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ძალადობის და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს - პროკურატურა
ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. ბათუმში, 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, 1 პირი დააკავეს - შსს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთ ხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, ხანძარი იყო, ცეცხლი სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა
ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო. ცეცხლი სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ თანამდებობა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა როგორც კირთაძე აცხადებს, პარტიაში რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „თავიდანვე ვამბობდი, რომ ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას ვტოვებ და აქტიურად არ გავაგრძელებ ბრძოლას მიშას სიცოცხლის გადასარჩენად და ავტოკრატიული რეჟიმის შესაცვლელად. უბრალოდ ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმა, ვინც მხარს უჭერდა ლევან ვარშალომიძეს. ვულოცავ ხაბეიშვილს გამარჯვებას და არ ვფიქრობ, რაიმე დაპირისპირება იქნება პარტიაში. ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება ერთიანი და მონოლითური „ნაციონალური მოძრაობა“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ - საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „2023 წლის 31 იანვარს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე მ.ნ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებისთანავე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული მ. ნ., რომელმაც განმარტა, რომ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მისი გადაყვანის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გადაუდებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. „კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რა მიზნითაც ექსპერტის მიერ დაკავებული პირის შემოწმება მოხდა. სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ამოღება და მ.ნ.-ს დაკავების ადგილზე არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, მ.ნ.-სთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის ყველა თანამშრომელი მოწმის სახით გამოიკითხება“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.
აფეთქება ბათუმში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქემთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. შსს აცხადებს, რომ ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები, - შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. აფეთქება ბათუმში - შსს-მ გამოძიება დაიწყო „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინა და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოკითხა თვითმხილველები. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ახდენენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიის, ასევე, ნავსადგურების დათვალიერებას, აგრეთვე ახორციელებენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლის მონიტორინგს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად მონიტორინგს ახორციელებენ. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ და კოორდინირებულად მუშაობენ. ნებისმიერ შეტყობინებასა თუ ინფორმაციაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს კრიმინალური პოლიცია. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის მეშვეობით მოახდენენ სანაპირო ზოლის დაცვის მონიტორინგს, განახორციელებენ უსაფრთხოების შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ამასთანავე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიცა სპეციალური ცირკულარი, ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებისა და ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემების, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლების ინფორმირება. რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში განხორციელდა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, ბულგარეთის შავი ზღვის სასაზღვრო საკოორდინაციო და საინფორმაციო ცენტრიდან და თურქეთის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდან მიღებულ იქნა ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო სივრცეში (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა) აღმოჩენილი მცურავი ნაღმების შესახებ. ასევე გვეცნობა, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების (შტორმი) შედეგად, შესაძლებელია, მცურავი ნაღმები შემოტანილ იქნას საქართველოს საზღვაო სივრცეში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის ან აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია“,-აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნისას 3 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილნი. ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ორი კი, სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულნი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა
ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა. კლინიკაში ექიმები ამბობენ, რომ გოგო 18 წლისაა და ახალგაზრდამ ჩვილი სამშობიაროში დატოვა. საქმეში შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაერთნენ. ამასთან, ექიმები ამბობენ, რომ ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.
ბათუმში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ღამის კლუბში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 25 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც ბათუმში, ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა
გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბატუტი გუშინ ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად 2 ბავშვი დაშავდა. ერთ-ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ე.წ. ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ე.წ. ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,” - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმის ბულვარში, ბატუტის გადაბრუნების შედეგად 9 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბულვარში ბატუტზე 9 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით კი, მტკიცებულებების შედეგად დასტურდება, რომ ბატუტი მიწის ზედაპირზე მყარად არ იყო დამაგრებული. გამოძიება ბრალდებულს “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით ედავება, რაც უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ მამაკაცს ბატუტის უსაფრთხოება და ექსპლუატაციის წესების დაცვა ეკისრებოდა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო. ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
ბათუმში, სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს
ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს, - ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და ათამდე მეშვიდეკლასელი მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „იყო შემთხვევა როდესაც მასწავლებელს კლასში დაეწყო ხველება, ჩემამდე კლასში ავიდა მანდატური და მასაც დაეწყო ხველება, ბავშვებსაც ჰქონდათ ხველების ნიშნები და პრევენციის მიზნით გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მშობლები ინფორმირებული მყავს. მოსწავლეები გადავიყვანეთ იაშვილის კლინიკაში და ახლა კარგად არიან. ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრიც ჩართულია. პოლიცია გამოვიძახეთ, რადგან დაგვეხმაროს დადგენაში რა მოხდა“- ამბობს სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე "ბათუმელებთან" საუბარში.
ძლიერი ქარი აჭარაში - ქობულეთში ერთი ადამიანი დაიღუპა
აჭარაში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა. სამი ადამიანი კი ბათუმში დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. „ერთ ქალს შუშა დაეცა, ასევე ჯიხური გადაბრუნდა და მეორე ადამიანიც დაშავდა, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი. 17 წლის ბიჭი კი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება”, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ბათუმში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, ასევე ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ბოძები არის დაზიანებული. „ძლიერმა ქარმა ბათუმი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ელექტრო გადამცემი ბოძები და სადები დაზიანებულია, შეფერხებულია ბათუმის მთავარ შემოსასვლელში მოძრაობა, თამარის მეფის გამზირზე ელექტრო ბოძები არის წაქცეული”, - განაცხადეს ბათუმის მერიაში ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.
ბათუმში უამინდომის გამო რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს
ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება ვერ ხერხდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უამინდობის გამო ავიაკომპანიების Smartwings-ის, Czech Airlines-ისა და Arkia Airlines-ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც თელ ავივიდან ასრულებდნენ რეისს, ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, საიდანაც მგზავრების ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტირებას ავტობუსებით მოახდენენ. მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, დღეს დაგეგმილი 14 რეისიდან 7 უკვე შესრულდა.
„ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მფლობელი ლოგისტიკური კომპანია - „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპს ხელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მურჯიკნელმა მოაწერა, რის შემდეგაც, მას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ქსელის წევრობის დამადასტურებელ სერტიფიკატი გადასცა. „გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპზე ხელმოწერით, „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფმა“ პასუხისმგებლობა აიღო, რომ იმუშავებს ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ აქსელერაციის პროგრამებისა თუ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ასევე, ინდივიდუალური მხარდაჭერის გაწევის საშუალებით,დავეხმარებით, განისაზღვროს რა საჭიროებები და გამოწვევებია კომპანიაში და როგორ შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. კომპანია უკვე ჩაერთო „კლიმატის ამბიციის“ აქსელერაციის პროგრამაში, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მხრიდან სათბური აირების ემისიების შემცირებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევუერთდით გლობალურ ინიციატივას. დიდი ხანია, „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვას, გენდერულ თანასწორობას ჩვენს კომპანიაში, ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა სოციალური დახმარებების გაწევის მიმართულებით. გვსურს რომ ამ კუთხით კიდევ უფრო გავფართოვდეთ. იმედი გვაქვს, რომ ამას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან ერთად მივაღწევთ და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ვიმედოვნებ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან“,- განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების ოპერაციებში დანერგვაზე იმუშავებენ. ასევე, ითანამშრომლებენ სხვადასხვა დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, კერძოდ, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების დანერგვის მიმართულებით. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნიდან 22 000 - ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 160-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.
ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმში პირდაპირი ფრენები იწყება
ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი განახორციელებს. შესაბამის ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ჯაბა ფუტკარაძემ SCAT-ის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება. ამასთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1 330 861 ვიზიტი) აღდგენილია 82%-ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი ზრდა 178%-ია. რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 124%-ით (209 569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 460%-ია.
უკანონო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა ბათუმში გრძელდება - საია
საია მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა. "Საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ქ. Ბათუმში, ერას მოედანზე 3 ივნისს მიმდინარე აქციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა 2023 წლის 2 ივნისის ღამით ქ. Თბილისში, პარლამენტის წინ უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული უფლებადამცველების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას, 6 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. Შემაშფოთებელია, რომ თბილისის შემდგომ, ბათუმშიც გრძელდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეპრესიული საპოლიციო მექანიზმებით უკანონო შეზღუდვა. კადრებში ჩანს პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენება რამდენიმე პირის მიმართ (შეხლა-შემოხლა, ხელის კვრა https://www.facebook.com/temurgorgadze/videos/285290150589757/ 2:23-2:52), Ასევე, ჩანს, ძალადობრივი მეთოდით დაკავების ფაქტები (3:07 - 3:37) და მუქარა (“სამარცხვინო ვინ არის, განახებთ”). Როგორც კადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილე პოლიციელისადმი “სამარცხვინოს” წოდების გამო დააკავეს. Მსგავსი საფუძვლით პირთა დაკავება ქართულ რეალობაში ახალი არ არის, თუმცა Მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოები და საჯარო მოხელეები, ექვემდებარებიან კრიტიკის უფრო ფართო საზღვრებს, ვიდრე კერძო პირები. როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე ადამიანის ქმედება არც ძალადობრივია, არც მიზნად ისახავს ძალადობას, არც აქვს რესურსი, გადაიზარდოს მოვლენათა ესკალაციაში, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით დაცულ გარანტიებს. კადრებში ნათლად გარჩევადია, ასევე, როგორ უკრავენ ერთ-ერთ დაკავებულს (რომელიც, როგორც ხალხის შეძახილებით ირკვევა, არასრულწლოვანია) სავარაუდოდ ე.წ. Ხამუთებით (ცალუღით) ზურგსუკან ხელებს, რა დროსაც პირი მანქანის წინა ნაწილთან ჰყავთ მიმწყვდეული (2:09-2:23). Ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული დაკავებების დროს ფართოდ გავრცელებული მეთოდია რეზინის/პლასტმასის ხელბორკილების გამოყენება დემონსტრაციების დროს მიმდინარე საპოლიციო ოპერაციებისას. თუმცა, ასეთ შემთხვევაში პოლიციელმა დაკავებული პირი უნდა გააფრთხილოს იმის შესახებ, რომ ძალდატანებამ/წინააღმდეგობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხელბორკილის შევიწროება და შესაძლო დაზიანება. მჭიდროდ დადებულმა ხელბორკილმა, შესაძლოა, გამოიწვიოს შეშუპება, დალურჯება, სიწითლე, ხელის დაბუჟება და სხვა ნერვული დაზიანება, რამაც, კონკრეტულ შემთხვევებში, შეიძლება, მიაღწიოს არასათანადო მოპყრობის ხარისხს. ამგვარი გაფრთხილება ვიდეო-მასალაში არ ჩანს. Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ბათუმში მიმდინარე აქციის მონიტორინგს და მოუწოდებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები; საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე", - ნათქვამია განცხადებაში.
შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური დაკავება - არასამთავრობოები
შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური დაკავება, - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 3 ივნიის, ბათუმში, ევროპის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. "ვეხმიანებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, 3 ივნისს, ბათუმში მშვიდობიან აქციაზე ბანერების გაშლის გამო პოლიციამ ექვსი პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა. შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. როგორც ცნობილია, 2 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ, მსგავსი შინაარსის ბანერების გამო, მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე დააკავეს, რომლებიც თელავის, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. შსს-ს ამ დრომდე, დაკავებულთა რეგიონალურ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. რაც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაკავებულთათვის დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის ხელშეშლა შეიძლება ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაკავებულებს დაუსაბუთებლად, დაკავების ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივდათ. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი. მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება, გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული!", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ კაფე „რეტროს“ მეპატრონეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში კაფე „რეტროში“, მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
ბათუმში, კორპუსიდან გადავარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგო, კლინიკაში გარდაიცვალა
ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გვიან ღამით გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგიზის ინფორმაციით, თბილისიდან დღის რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:15 საათზე შესრულდება. ასევე ემატება ღამის რეისები. საქართველოს რკინიგზის ცნობით, 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:35 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისში – 00:45 საათზე. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ბილეთების შეძენა შესაძლებელია აღნიშნულ ვებგვერდზე, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ბათუმის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, ზღვაში მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათივე ცნობით, მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
შსს: ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე, 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში 16 წლის ლუკა აბულაძის მკვლელობის საქმეზე, სამი პირი დააკავა. ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა. უწყების ინფორმაციით, ზ.ს.-მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად სვლა განაგრძო. ლუკა აბულაძის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის თანამშრობლებმა რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დღეს იპოვეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. - ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი. ლ.ა. - ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით, მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები. გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს.-მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. - სთან ერთად სვლა განაგრძო. წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში
მედია: საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა
მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისს განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. 24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.
ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან
ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერს - ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები არიან, საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან შეკრება აქციას მონაწილეებმა ღამით დაიწყეს. ადგილზე აქციის მონაწილებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. პროტესტის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
პოლიციამ ბათუმში, აქციაზე 9 ადამიანი დააკავა
პოლიციამ ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საკრუიზო ლაინერის - Astoria Grande-ს ჩასვლის გასაპროტესტებლად აქცია იმართება, 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ" მოქალაქეები.“ ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან Astoria Grande დღეს, 31 ივლისს შემოვიდა, თუმცა მისი მგზავრები ჯერ ლაინერიდან არ გადმოსულან. რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად გაგზავნილი ავტობუსი აქციის მონაწილეები ადგილზე არ შეუშვეს.
ბათუმის აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, უკრაინის მოქალაქეა. ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან ბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები. აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემს, რომელზეც ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. Astoria Grande-ს მგზავრები ლაინერიდან ავტობუსით გამოიყვანეს.
ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 15 ადამიანი გაათავისუფლეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15-ის საქმე განიხილა. დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებათა მოსაპოვებლად დამატებით დრო მისცა. შეგახსენებთ, ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შესვლას, პროტესტით დახვდნენ აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ბათუმის აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
ძლიერი ქარი და შტორმი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკაოს. უწყების ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ მეხანძრე-მაშველები კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. „საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს გირაო შეეფარდა
მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე აუკრძალა დაზარალებულთან მიახლოება. გამოძიების ვერსიით, 53 წლის ნუგზარ სამნიძემ 4 დეკემბერს ბათუმში ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა. პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. უწების განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს „პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 10.000 ლარი შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყაზახეთისა და თურქმენეთის პორტები რუმინეთის პორტ კონსტანცას, საქართველოს გავლით დაუკავშირდება
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია „ADY Container-ი, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავ კომპანია - COSCO SHIPPING Lines-თან თანამშრომლობით იწყებს ახალ სერვისს, რომელიც ყაზახეთის აქტაუს და თურქმენეთის თურქმენბაშის პორტებს რუმინეთის კონსტანცის პორტთან დააკავშირებს. „ADY Container“-ისა და COSCO Shipping Lines-ის თანამშრომლობისას ერთობლივი ტრანსპორტირება აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებსა და რუმინეთის კონსტანცის პორტს შორის სარკინიგზო და საზღვაო გზით განხორციელდება. საკონტეინერო მატარებლები აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებიდან საქართველოში, ბათუმის პორტამდე კასპიის ზღვისა და რკინიგზის გავლით გადაადგილდება. კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტში გადაიგზავნება. კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტში გადაიგზავნება COSCO Shipping Lines-ის მეშვეობით. ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი, აქტაუს და თურქმენბაშის პორტებსა და კონსტანცის პორტს შორის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობასა და ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებას სწრაფი და ეფექტიანი მომსახურებით ურუნველყოფს. საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისიდან იწყება
ბათუმში ძლიერმა ქარმა კორპუსებს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა
24 დეკემბერს, გამთენიისას, ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, წააქცია მაღალი, მრავალწლიანი ხეები და ელექტროგადამცემი და გარე განათების ბოძები; დაზიანდა ავტომობილები, საცხოვრებელი კორპუსები, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. ბათუმის მერიის ცნობით, „მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები“ და ოპერატიულად მუშაობენ, რათა წაქცეული ხეებისგან და ბოძებისგან გზები გაწმინდონ. აჭარაში უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო შეფერხებულია მატარებლების მოძრაობაც. საქართველოს რკინიგზის პრესცენტრის ცნობით, ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა. რის შედეგადაც რამდენიმე რეისია შეყოვნებული. პრობლემები შეეხო ბათუმი-თბილისის რეისს, რომელიც 08:10 საათზე უნდა დაძრულიყო. „ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება,“ - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. რკინიგზის ცნობით, „სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ და საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.“ ცნობისთვის, სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც.
ბათუმი-ახალციხის გზაზე, სოფელ გულებთან მეწყრის განვითარების გამო, მოძრაობა შეზღუდულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფელ აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, შეჯახების შედეგად, სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა, არიან დაშავებულები
ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, შემთხვევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფები დაშავდნენ, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ევაკუაცია გამოცხადდა
პოლიციის მითითებით სავაჭრო ობიექტები „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზას“ და „ბათუმი მოლის“ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა დატოვეს. პოლიცია სავაჭრო ცენტრებში დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის მივიდა. გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება. ცნობისთვის, გუშინ, 20 იანვარს გამნაღმველები მუშაობდნენ ბათუმის აეროპორტშიც, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.
სტამბოლი-ბათუმის რეისი რიზეში დაჯდა
თურქეთის ავიახაზების რეისი, რომელიც სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით მიფრინავდა, ქალაქ რიზეში ჩაფრინდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან აეროპორტების გაერთიანების წარმოამდგენელი ამბობს, თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა. Flightradar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა თვითმფრინავი დაფრენას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა.
აქცია - “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” რეგიონებშიც გაიმართა
“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დღეს ახალგაზრდების მომავალი წყდება და არ დაუშვებენ ევროპული განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობის დაკარგვას. აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრეოქტების გაწვევა მოხდეს. “ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, საქართველოს ევროპულ მომავალს გაუმარჯოს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ჩვენი წინაპრები ევროპისთვის მუდამ იბრძოდნენ. ეს აქცია არ იქნება ბოლო, გაგრძელდება აუცილებლად,” - აღნიშნავენ შეკრებილი მოქალაქეები. „კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი „სკეიტ პარკში“ იყვნენ შეკრებილები. მათი გაცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ რუსეთის ინტერებს ემსახურება და ხელს უშლის ევროინტეგრაციას . მანამდე აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან განცხადებები გააკეთეს, მოგვიანებით კი „ ქართული ოცნების“ ოფისთანაც გადაინაცვლეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. „არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით აქცია ოზურგეთშიც გაიმართა. ჭადრების ბაღში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ასევე, პოლიტიკოსები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, დაუშვებელია კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სამოქალაქო სექტორის მარგინალიზებას შეუწყობს ხელს. ,,ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ქვეყანას დააკარგვინოს ევროინტეგრაცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე, ახალგაზრდა დაკარგავს განათლების უფლებას, კარგ ჯანდაცვას, კარგ სასამართლოს და ქვეყანას ისევ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ კანონის მიღებას - კი ევროპას, არა რუსულ კანონს", - განაცხადა ოთო მღებრიშვილმა. აქცია სამოქალაქო მოძრაობა ‘’თავისუფლებისთვის’’ ორგანიზებით გაიმართა.
ბათუმში, „პროსპეროს წიგნების“ ფილიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება და 25 წლის იუბილე აღინიშნება
ბათუმში, 17 ოქტომბერს, 18: 00 საათზე ( მაზნიაშვილის ქუჩა #47) „პროსპეროს წიგნების“ ფილიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება და 25 წლის იუბილე აღინიშნება. „პროსპეროს წიგნების“ იუბილეზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა სხვადასხვა მიმართულებით. ყველა მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებს მსოფლიო ლიტერატურის, „პროსპეროს ყავის“ და მაღაზიაში არსებული ყველა ნივთის შეძენას. იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე, სიტყვით გამოვლენ: პროსპეროს წიგნების დამფუძნებლები: სტივენ ჯონსონი, თამარ მეგრელიშვილი - ჯონსონი, მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას დაესწრებიან: მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მწერლები, სხვადასხვა წიგნის ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. „პროსპეროს წიგნები“ განათლებისა და ცოდნის დანერგვასთან ასოცირდება. „პროსპეროს წიგნები“ 1999 წლიდან არსებობს საქართველოში და ერთადერთი წიგნების მაღაზიაა მსოფლიოში, რომელიც ინგლისური მხატვრული თუ სასწავლო ლიტერატურის გარდა, საკუთარ ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით იხალება და განსხვავებულ არომატს ტოვებს. პროსპეროს სახელის შექსპირის ნაწარმოების - „ქარიშხალი“ მიხედვით შეირჩა და ის ერთგვარია ხიდია სამშობლოს მონატრებული ვიზიტორებისთვის. შემეცნებითი ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და სხვადასხვა ავტორებთან შეხვედრების ორგანიზებით, პროსპეროს წიგნები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და ლიტერატურის უკეთ გაცნობას; საგანმანათლებლო პროცესის განვითარებას, მოზარდებში, სტუდენტებში მსოფლიო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სალიტერატურო სიახლეების გაცნობას,“ აღნიშნავენ ორგანიზატორები.