თეგი: ბენეფიციარები

სახალხო დამცველი: თბილისის უფასო სასადილოებში, ნოყიერი კერძი ხორცით კვირაში მხოლოდ ორი დღეა

თბილისის უფასო სასადილოებში, როცა მენიუში წვნიანია, ბენეფიციარებს მხოლოდ პური გააქვთ, რაც შეიძლება აიხსნას საკვების დაწუნებით ან კალორაჟის სიმცირით. კვირაში მხოლოდ ორი დღეა ნოყიერი კერძი ხორცით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ უფასო სასადილოების მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. „სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი. საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი. უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება. საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად, ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.