თეგი: ბეშიქთაში

თურქეთის პარლამენტის სპიკერი: ჩვენი გულშემატკივრების მიმართ განხორციელებული ქმედებები მიუღებელია

საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის მატჩის დროს, ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები, რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს და მოწოდებით -„თავისუფლება პალესტინას!“- გამოვიდნენ - მიუღებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი ნუმან ქურთულმუში ავრცელებს. “მოძმე პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერა სინდისისა და მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ღირსეული პოზიციის მიმართ ძალადობით პასუხი სპორტის საყოველთაო ღირებულებებთან შეუთავსებელია და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს”, - წერს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი. მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებს. “მოველით, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ამ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღებენ აუცილებელ ზომებს. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებს,” - აცხადებს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი. UEFA: პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად შსს-ს ცნობით, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.  

ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრები გაათავისუფლეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა. როგორც პატარაძე სოციალურ ქსელში წერს, თურქ დიპლომატთან დეტალურად განიხილა გუშინ, ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. ამასთან, პატარაძის ცნობით, ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება. “ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი. ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოსმხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ პატარაძე.  შსს-ს მინისტრის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს და შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალოს. UEFA: პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად შსს-ს ცნობით, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.  

ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ისრაელის საელჩო საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს, რუვიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე. და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი. გულითად მადლობას ვუხდით ყველას,“ – აღნიშნულია საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებააში.  

უეფამ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამოსაკვლევად ინსპექტორები დანიშნა

UEFA აცხადებს, რომ „ძალადობისა და არეულობის სერიოზულ ინციდენტებს — მათ შორის სტადიონზე გულშემატკივრებს შორის მომხდარ შეტაკებებს მკაცრად გმობს. საუბარია 2026 წლის 26 ნოემბერს, უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში „მარსელის ოლიმპიკსა“ და სოფიის „ლევსკის“, ასევე „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართულ მატჩებზე. „ფეხბურთში ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი სახის პროვოკაციული, დისკრიმინაციული თუ ექსტრემისტული ქცევის ადგილი არ არის. უეფას ტურნირები ეფუძნება პატივისცემის, „სამართლიანი თამაშის“ (fair play), კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ხსენებულ მატჩებში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება როგორც ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს, ისე უეფას წესდებით განსაზღვრულ მიზანს — ჩატარდეს საფეხბურთო მატჩები მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებისა საფუძველზე. უეფამ დანიშნა ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ მოკვლევას ჩაატარებენ. ისინი შეისწავლიან ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას, რათა, უეფას მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, დაადგინონ ფაქტები და გარემოებები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ - წერს უეფა. UEFA: პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად  

UEFA: პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა [UEFA] განცხადება გაავრცელა თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ. ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიცია ტრიბუნაზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდა.  “როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი: უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი, შესაბამისად, მას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა უსაფრთხოების საკითხებზე და არც მასზე კონტროლი ჰქონდა. სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება, რამაც მატჩი დროებით შეაჩერა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია ჩაერია, რათა „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სექტორში თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები გაენეტრიალებებინა,” - აღნიშნულია განცხადებაში. ბათუმში 16 პირი დააკავეს, შსს-ს განცხადებით, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა  

ფიდანი ბათუმში მომხდარზე: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს არ შეეფერება, ელჩს საჭირო გაფრთხილებები მისცეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმი ჰაქან ფიდანი „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები განვითარდა, თვითმფრინავში ვიმყოფებოდი. პაკისტანში მივფრინავდით. სწორედ ამ დროს მოხდა მატჩზე ეს ინციდენტები. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. პირდაპირი კავშირი გვქონდა ადგილზე მყოფ ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც. ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ადგილზე ვითარების განმუხტვა, რათა არცერთი ჩვენი მოქალაქე პატიმრობაში არ დარჩენილიყო, არ დაშავებულიყო და მათთვის სათანადო ყურადღება მიექციათ. ამ კუთხით ყველა ზომა გატარდა. ამავდროულად, როგორც იცით, პროცესში ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ და ინტენსიურად იმუშავეს. დღეს კი [27 ნოემბერს] ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს, მას საჭირო გაფრთხილებები მისცეს და შესაბამისი შეხვედრა გაიმართა,“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენთვის ეს უკიდურესად მიუღებელი ვითარებაა. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილები გაიგეს,“ - განაცხადა ჰაკან ფიდანმა. უეფამ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამოსაკვლევად ინსპექტორები დანიშნა ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრები გაათავისუფლეს    

კობახიძე ბათუმში მომხდარზე: მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა, ჩვენ მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „სამწუხაროა, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს ასეთი შემთხვევები გამოიყენოს არასწორი რიტორიკისთვის, არასწორი გზავნილებისთვის, მათ შორის ესეც არ იყო გამონაკლისი შემთხვევა. ზოგადად, მინდა, აღვნიშნო, როდესაც საქმე ეხება ამ მატჩის ჩატარებას, ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - საქართველოსა და თურქეთს. მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში. თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის. როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობდნენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი. თუმცა საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ, მადლობა ყველა პოლიციელს ამისათვის. მოვუწოდებ ყველა უკვე ქართველ პროვოკატორს, აქ საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც იყენებენ პროვოკაციული განცხადებებისთვის ასეთ შემთხვევებს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. უეფამ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამოსაკვლევად ინსპექტორები დანიშნა ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრები გაათავისუფლეს