თეგი: ბილ კიტინგი

ამერიკელი კონგრესმენი: ბლინკენის განცხადება ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულების ნიშანია

დემოკრატი კონგრესმენი ბილ კიტინგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სავიზო შეზღუდვებისა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის დაანონსება მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის. „გუშინ, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დავუსვი კითხვა საქართველოში კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის შესახებ. დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის,“ - წერს კონგრესმენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.   18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს“ - მოსმენა აშშ-ის კონგრესში

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს და ნათელია, რომ ახლანდელ მმართველ პარტიას ის სხვა მიმართულებით მიჰყავს,“ - ამბობს კონგრესმენი ბილ კიტინგი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ სურს, ქართველმა ხალხმა იცოდეს, ამერიკა განაგრძობს მისი ნების მხარდაჭერას. „ჩვენ არ დავშორდებით ქართველი ხალხის ნებას. მაგრამ ჩვენ დავაწესებთ სანქციებს და მივიღებთ სხვა ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით მიჰყავს, ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც უკრაინაში მისი უკანონო ომი ასეთ განადგურებას იწვევს,“ - ამბობს კონგრესმენი კიტინგი. კონგრესში, 23 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის - „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მაღალჩინოსნებს მოუსმინეს იმის შესახებ, თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - ქვეყნების, რომლებშიც ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა გაიმართოს. ევროპის ქვეკომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჯოშუა ჰაკმა ისაუბრა "ქართული ოცნების" იმ ნაბიჯებზე, რომელთა გამოც მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა გადაწყვიტა. „ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება,” - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი. კონგრესში გამართული მოსმენისას თბილისის ქმედებები არაერთხელ შეადარეს კიშინოვის გადაწყვეტილებებს და განაცხადეს, რომ მაშინ, როცა მოლდოვა დასავლეთისკენ მიიწევს, საქართველოს მმართველი გუნდის ნაბიჯები მისი მიზნების თაობაზე შეშფოთებას აჩენს. ამერიკელ თუ ევროპელ მეგობრებზე თავდასხმა და რუსული მმართველობის სტილის გადაწყვეტილებები კი, ვაშინგტონისგან უპასუხოდ არ დარჩება. „ქართულმა ოცნებამ“ კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოეთის აგნეტების“ კანონი მიიღო, რათა ზეწოლა მოეხდინა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაზე. დღეს მე ორი რამ მაქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისათვის. პირველი - საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები არ ჩავლილა და არ ჩაივლის უპასუხოდ. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სამოგზაურო შეზღუდვები ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იქამდე, ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვას, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დაწესებას, საჭიროების მიხედვით,“ - ამბობს კონრესმენი ბილ კიტინგი. კონგრესმენმა ქართველ ხალხსაც მიმართა და მათ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიუხედავად, დახმარებას დაჰპირდა. „ქართველ ხალხს: თქვენი ამბიცია ევროკავშირსა და NATO-ში თქვენი მომავლის შესახებ, ამ კონგრესში და ადმინისტრაციაში ძალიან კარგად იციან და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ მიზნების მისაღწევად, როგორც ამას ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც მე გასულ თვეში წარვადგინე და „მეგობარი აქტი“, რომელიც ჩემმა მეგობარმა ჯო უილსონმა წარადგინა, აჩვენებს ჩვენს მხარდაჭერას თქვენი დემოკრატიული მომავლისადმი მაშინაც კი, როდესაც თქვენი მთავრობა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ ვალდებულებას, რომ გზა გაიკვალონ ევროკავშირისა და NATO-სკენ,“ - აღნიშნა კონგრესმენმა. მოსმენაზე მოწმეების სახით იკითხებოდნენ ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან და ასევე ალექსანდრ სოკოლოვსკი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროდან. ჯოშუა ჰაკმა განაცხადა, რომ ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტი ახლოს აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ოქტომბრის არჩევნების წინ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის მიზნით დანიშნულ შეხვედრაზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი “უცხოეთის გამჭვირვალობის გავლენის კანონს.” „მათ [საქართველოს მთავრობამ] მიღეს ანტიდემოკრატიული კანონი, მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვეს ძალადობის ესკალაცია და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით და გაავრცელეს დეზინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ათწლეულებია მხარს უჭერენ საქართველოს,” - ამბობს ჯოშუა ჰაკი. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან დეტალურად ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რაც გასული ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას დაუწესა. მან ასევე განმარტა, რომ ამერიკის უმაღლესი დონის თანამდებობის პირებმა პირადად განუმარტეს საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგები მოჰყვება მათ ქმედებებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინოს 30 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ პენტაგონი საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნებს წყვეტდა. მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუკი მთავრობა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს: „იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ, დააბრუნებენ საქართველოს თავის დემოკრატიულ გზაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომრბის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება,” - განმარტავს ჰაკი. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ "მეგობარ აქტს" კენჭი 11 ივლისს უყარა და მის პალატაში სრულ კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს პროდასავლური მომავლის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო შემზრუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს, ახლა 16 წარმდგენი კონგრესმენი ჰყავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მას "არამეგობრულ აქტს" უწოდებენ. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჭიროა ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვა.