თეგი: ბირთვული მუქარა
Reuters: პეკინი, მოსკოვის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკით უკმაყოფილოა
კამბოჯაში, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეჩიანმა განაცხადა, რომ პეკინი მისი სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ბირთვული რიტორიკით უკმაყოფილოა. აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ჩინეთის პრემიერმა, უკრაინასთან მიმართებით ჩინეთის პოლიტიკაზე ვრცლად ისაუბრა. „ლი კეჩიანგმა მკაფიო აქცენტი გააკეთა სუვერენიტეტზე, ბირთვული საფრთხეების უპასუხისმგებლობაზე. ამასთან უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება არ მოხდეს ისე, როგორც ზოგიერთმა მიანიშნა“, - განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს ანონიმურობის პირობით. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ „პეკინი უკმაყოფილოა და გრძნობს დისკომფორტს, რუსეთის მხრიდან დაუფიქრებელი რიტორიკისა და აქტივობის თვალსაზრისით“, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ტექნიკურად ჩინეთის პარტნიორია. „ვფიქრობ, ასევე უდავოა, რომ ჩინეთი ალბათ გაკვირვებულიცაა და გარკვეულწილად დარცხვენილიც კი რუსეთის ომის მიმდინარეობით,” - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დღეს, აღმოსავლეთ აზიის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება. მანამდე ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ეწინააღმდეგება.