თეგი: ბიუროს სხდომა
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის 5 მარტს წარდგენას მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 5 მარტს აღარ წარდგება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენის თარიღად 15 მარტს სთავაზობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მან ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა და ჰქონდა ხალხისათვის ანგარიშის წარდგენის სურვილი. მან ხაზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გაუსვა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვლება სიტუაცია ყოველწამიერად, პრეზიდენტის თხოვნაა, პლენარული სხდომა 5 მარტს ჩატარდეს და თარიღი არ შეიცვალოს. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დახურულ სამუშაო ფორმატში გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბიუროს სხდომაზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას გააცნობს და შესთავაზებს კონსულტაციებს პარლამენტში წლიური ანგარიშის მოხსენების თარიღთან დაკავშირებით. „ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უნდა შეთანხმდეს ყოველწლიური მოხსენების თარიღი. ამავე დროს, მზად ვარ, მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შევხვდე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მას საუბარი შესაძლოა, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით სურდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებას უკავშირდება და ამ დროს, ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდე და სტაბილურობა მნიშვნელოვანია. რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას 15 მარტს სთავაზობს
შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაკეთებული აქვს და ის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს. იცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, მათ შორის, რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ეს არის რთული ტექნიკური სამუშაო, რომლის გაწევაც უწევს მთავრობას და ამავე დროს პარლამენტსაც კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ იმ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვაზე და მთავრობას, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ და ჩავერთოთ ამ სამუშაოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს, სამი კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინება გააცნო ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს, სამი კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინება გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ, კახა კახიშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ, ირაკლი მეძმარიაშვილის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ზაზა ლომინაძის კანდიდატურები წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტის თანამდებობაზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა. „მოქმედ გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. კარგია, რომ წყვეტის გარეშე მოხდეს ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა. ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე კანდიდატურის განხილვის შემდეგ, სამშაბათის პლენარულ სხდომას წარედგინება კანდიდატი და მოხდება საკითხის კენჭისყრა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.