თეგი: ბიუჯეტი
ირაკლი ღარიბაშვილი: პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო
მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებდნენ. „მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე. პირველი - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე, ძალიან კარგი მაჩვენებელია. „ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი. საბოლოო ჯამში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს პროგნოზი და ტენდენციები გაგრძელდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ. ამის თაობაზე მინდოდა რომ მომეწოდებინა ინფორმაცია, ანგარიში ჩამებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონი ფინანსთა მინისტრი არის მზად, რომ ამის თაობაზე დეტალურად ისაუბროს მედიასთანაც, პარლამენტში გვექნება ამის თაობაზე საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ეფექტიანი მუშაობისთვის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის პრემიერი: ბიუჯეტი 2023 წელს დეფიციტური იქნება
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის ცნობით, რუსეთის ფედერაციის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში 3 ტრილიონი რუბლის დეფიციტია. „რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შემოსავლები 2023 წელს 26 ტრილიონი რუბლი იქნება, ხარჯები - დაახლოებით 29 ტრილიონი, დეფიციტი მშპ-ს 2 პროცენტია. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 3 ტრილიონი რუბლია. 2023 წელს ხარჯები ძირითადად სესხით ანაზღაურდება, თუმცა არა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (NWF)“, - თქვა მიშუსტინმა. მიშუსტინის თქმით, 2023 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 2 პროცენტიანი დეფიციტი. 2024 წელს დეფიციტი 1,4 პროცენტს, ხოლო 2025 წელს 0,7 პროცენტს გაუტოლდება.
რა პარამეტრები იცვლება 2022 წლის ბიუჯეტში
„ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს უპასუხებს,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, წელს საქართველოს ეკონომიკას მაღალი ზრდის ტემპი გააჩნია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის მთავარი მიზეზია. „კანონპროექტით 2022 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განსაზღვრულია 8.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, უმჯობესდება ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის მაჩვენებლები მშპ-სთან მიმართებაში. ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-იდან 3.2%-მდე, ხოლო საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 51.1%-დან 39.6%-მდე მცირდება,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯამურად ხარჯვითი ნაწილი, 480 მილიონით იზრდება, რაც როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პროგრამების ასიგნებების ზრდას მოხმარდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა და წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან გადაეგზავნება მთავრობას. რეგლამენტის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია, პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებით, კვირის ბოლოს დაბრუნდება პარლამენტში, ხოლო მომავალ კვირას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს სესიაზე განიხილავენ.
NATO 2023 წელს სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტს მეოთხედზე მეტით გაზრდის
ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში NATO-ს 2023 წლის სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტებზე შეთანხმდნენ. ალიანსის სამოქალაქო ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 370,8 მილიონი ევროთი (27,8%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით), სამხედრო კი 1,96 მილიარდ ევროთი (25,8%-ით მეტი) განისაზღვრა. ალიანსის სამოქალაქო ბიუჯეტი NATO-ს პერსონალის ხელფასებს, საოპერაციო ხარჯებს და პროგრამულ ხარჯებს ითვალისწინებს, ხოლო სამხედრო - ფარავს NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის შტაბის ოპერაციულ ხარჯებს, ასევე მთელ მსოფლიოში მისიებსა და ოპერაციების დაფინანსებას. NATO-ს თანადაფინანსების კიდევ ერთი ელემენტია ალიანსის უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც NATO-ს მართვისა და კონტროლის სისტემას ეხება. 2023 წლისთვის პროგრამის ზედა ზღვარი 1 მილიარდი ევროა, რაც 26.6%-ით მეტია 2022 წლის დაფინანსებასტან შედარებით. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში მადრიდში გამართულ სამიტზე, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, გაზარდონ ინვესტიციები NATO-ში, რათა უპასუხონ უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გამოწვევებს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, გერმანია მიზნად ისახავს მიაღწიოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზანს, რომ თავდაცვაზე 2025 წლისთვის მშპ-ს სულ მცირე 2% დახარჯოს.
პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი 84-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია. 2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ჯამურად 270,0 მლნ ლარით იზრდება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი 660,0 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი. შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 2,1 მლრდ ლარით, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით, 21,9 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1,8 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,6 მლრდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს, დაახლოებით, 2 მლრდ ლარით გაიზრდება და 21,9 მლრდ ლარს შეადგენს. გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 6,9 მლრდ ლარი იქნება. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი სოციალურ პროგრამებს მოხმარდება - კერძოდ, პენსიების მომატებას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას. საბიუჯეტო სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი ფენების სამუშაოთი უზრუნველყოფას. რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს, დაახლოებით, 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ გზების მშენებლობას მოხმარდება, დანარჩენი კი - ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციასა და სკოლების მშენებლობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 2 მლრდ. ლარი იქნება, საიდანაც ნაწილი მოხმარდება მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების მომატებას 125 ლარით, ასევე სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-ით ზრდას. პროექტი ითვალისწინებს ხელფასის ზრდას 15-დან 18 ლარამდე ერთ საათზე პროფსასწავლებლების მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, თანხა მოხმარდება სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის, რომლის ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარს შეადგენს. სამხედრო პირთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება. გაიზრდება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. პოლიციის თანამშრომლებს ხელფასი 20%-ით მოემატებათ. იზრდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 10%-ით, ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 431,2 მლნ ლარს. მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 22 მლნ ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,3 მლნ ლარს შეადგენს.
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის ბიუჯეტს, რომელიც საქართველოსთვის დახმარების გამოყოფასაც ითვალისწინებს
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა შეერთებული შტატების 2023 ფისკალური წლის ბიუჯეტს. დოკუმენტში შედის უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარება. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ხელი მოაწერა „ორპარტიულ ყოვლისმომცველ კანონპროექტს, რომელიც ისტორიული პროგრესის ერთ წელს დაასრულებს". „ბიუჯეტში გათვალისწინებულია ინვესტიციები სამედიცინო კვლევებში, უსაფრთხოებაში, ვეტერანთა ჯანდაცვაში. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს ხარჯებს კატასტროფების დროს დახმარებისთვის, თანხებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და კრიტიკულ დახმარებას უკრაინისთვის“, - თქვა ჯო ბიდენმა. ბიუჯეტიდან აშშ-ის მთავრობა სექტემბრის ბოლომდე 1,7 ტრილიონ აშშ დოლარს მიიღებს, მათ შორის 858 მილიარდი დოლარი დაიხარჯება თავდაცვის საჭიროებისთვის და 45 მილიარდი დოლარი უკრაინის დახმარებისთვის. აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტიდან 132 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას მიიღებს საქართველო.
New York Times: რუსეთს 2022 წლის ბიუჯეტში $47 მილიარდის დეფიციტი აქვს
ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთს 2022 წლის ბიუჯეტში $47 მილიარდის დეფიციტი აქვს. The New York Times-მა რუსეთის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბიუჯეტის სხვაობამ 2022 წელს 3,3 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც რუსეთის ეკონომიკის 2,3 პროცენტს შეადგენს. „რუსეთის შემოსავალი 2022 წელს, 2,8 ტრილიონი რუბლით ანუ 40 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო სწრაფად მზარდი ხარჯების დასაფარად, რომლებიც 6,4 ტრილიონი რუბლით, ანუ 92 მილიარდი დოლარით გაიზარდა“, - აცხადებენ ოფიციალური პირები The New York Times-ის ცნობით. რუსეთის მთავრობას არ გამოუქვეყნებია 2022 წლის ხარჯების დეტალური აღწერა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ხარჯების ზრდის ძირითადი ნაწილი შესაძლოა, სამხედრო ხარჯების გაზრდას მიეწეროს.
პრემიერი: მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და ის 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ასევე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვისკენ, განათლებისკენ, ეკონომიკისა და სხვა სფეროებისკენ. ღარიბაშვილის თქმით, დაკორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტს წარედგინება. „იცით, რომ ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5% ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები, 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უკვე მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. 2021-ში მოხდა ეს, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან, 2022 წელს და წელსაც 500-ზე მეტი მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება შევძელით ბოლო წლებში, იგივე სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა; სოციალური დახმარებები გავზარდეთ - ეს არის წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტი; ხელფასები გავუზარდეთ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები, ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იანვარში ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი. ჯამში პოლიციელს და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა, ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა. ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ სხვა სოციალური მიმართულებები, ჯანდაცვა. გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უმაღლესი დონის კლინიკებში. ამას პირადად მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ჩვენ ასევე ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ასევე მინდა მოკლედ გითხრათ, რომ ჩვენ ამ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე ინფორმაციით, მუშაობა უკვე დაწყებულია 2024 წლის ბიუჯეტზე, რომლის პირველ ვერსიას პარლამენტს დაახლოებით 29 სექტემბერს წარუდგენენ. „უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ ბიუჯეტზე, 2024 წლის ბიუჯეტზე. მქონდა რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან, ასევე ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ ბიუჯეტის პირველი ვერსიები და თვის ბოლოს, დაახლოებით, 29 სექტემბერს პირველ ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ უკვე განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ მას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მლნ ლარი იქნება
2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს 2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება. „რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტიც ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით, ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი. აქვე, მინდა შედარებისთვის გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012წელს და 2024 ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელსაც გადაეგზავნება პარლამენტს. „ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი წლევანდელი ბიუჯეტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა გახდა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რაც რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი,“ - განაცხადა პრემიერმა. „ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. როგორც ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. „აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი. გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით. ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და პრესსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელეების და მათი ხელფასების ზრდას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული. „ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი. ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული,“ - განაცხადა პრემიერმა.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 110 მლნ-ით იზრდება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა ძირითადი ყურადღება იმ უწყებების დაფინანსებაზე გაამახვილა, რომლებიც კომიტეტის ინტერესის სფეროში შედიან. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110,0 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს ერთ მილიარდ 210 მლნ ლარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 205 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის -263 მლნ. ლარი, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის - 17 მლნ 500 ათასი ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის - 90 მლნ ლარი. „მომდევნო წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ 5,2%-ის ოდენობის ეკონომიკურ ზრდაზე. ნომინალური მშპ იქნება 85,4 მლრდ ლარი, ბიუჯეტის დეფიციტს ვამცირებთ და იქნება 2,5% მშპ-სთან მიმართებაში, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი იქნება 38,2%-ის ფარგლებში. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იქნება 23 მლრდ 882 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის ჯამური ხარჯვითი ნაწილი 24 მლრდ 161 მლნ ლარი,“ - განცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხის მესამედზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიემართება. როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი, კომიტეტებთან და სამინისტროებთან მუშაობას გააგრძელებენ, მოხდება ფისკალური რესურსების გადათვლა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია ნოემბრის შუა რიცხვებში წარედგინება პარლამენტს. სხდომაზე გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც საბოლოოდ კომიტეტის დასკვნაში აისახება. „სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი განვიხილეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას უკავშირდება. მისასალმებელია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საბიუჯეტო ასიგნებების ზრდა ხდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს, ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას. ეს, რა თქმა უნდა, ხორციელდება ჩვენი მყიფე უსაფრთხოების გარემოს შესაბამისად, ისევე როგორც იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემის წინაშე დგას“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა. ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მლნ ლარი იქნება პრემიერ-მინისტრმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდებოდა.
ხანგრძლივი დავის შემდეგ გერმანიის მთავრობა ბიუჯეტზე შეთანხმდა
13 დეკემბერს გერმანიის მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, ბერლინს არ დასჭირდა კონსტიტუციის გათვალისწინებული ნორმის დროებით შეჩერება, რომელიც ახალი ვალების აღებაზე ლიმიტს აწესებს. ამის გამო, გერმანიის საექსპერტო წრეების ნაწილში გაჩნდა შეშფოთება, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ევროპის წამყვანი ეკონომიკის ზრდა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიულ კოალიციას ჰქონდა არჩევანი - ერთი წლით შეეჩერებინა საკონსტიტუციო ჩანაწერი ვალის შეზღუდვის შესახებ და ახალი სუვერენული სესხი აეღო, ან დაახლოებით 17 მილიარდი ევრო სხვა საბიუჯეტო ხარჯებიდან დაეზოგა. შოლცის კოალიციას ეს გამოწვევა მას შემდეგ შეექმნა, რაც ნოემბერში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ბიუჯეტის კანონპროექტი დაბლოკა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დაძაბულმა მოლაპარაკებებმა კოალიციის დაშლის ეჭვიც კი გააჩინა. თუმცა, ოთხშაბათს დილის 5 საათზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საინვესტიციო თანხები ბიუჯეტის სხვა სეგმენტების საფუძველზე მოიპოვონ და ახალი ვალი არ აიღონ. შოლცმა, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერია, თქვა, რომ ვალის შეზღუდვის შეჩერება შეიძლება კვლავ გახდეს საჭირო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მეტი დაფინანსება დასჭირდება რუსეთის აგრესიის ომში თავის დასაცავად. მან ეს განცხადება ევროკავშირის სამიტზე გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. სამიტზე კიევის მხარდაჭერა დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება.
დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს. მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე - 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე - 20 მლნ ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადი დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 280 მლნ ლარი. მათ შორის, შემოსავალი საკუთრებიდან - 9 მლნ ლარი, პროცენტები - 3 მლნ ლარი, იჯარა - 6 მლნ ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია - 165 მლნ ლარი; ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებიდან - 18 მლნ ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში დაგეგმილია 70 მლნ ლარი, დასუფთავების შემოსავალი - 75 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაცია დაგეგმილია 55 მლნ ლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებას, იგეგმება 507 ლარის ღირებულების პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.
რა პრიორიტეტები გაიწერა 2024 წლის ბიუჯეტში
საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის ბიუჯეტი მიიღო. კენჭისყრა დღეს, 15 დეკემბერს გაიმართა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ქვეყნის მომავალი წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. არსებული გათვლით, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 5,2 პროცენტით, ინფლაცია (ფასები გაიზრდება) კი 2,8 პროცენტი იქნება. 2024 წელს: მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა 86 მილიარდი ლარი იქნება, ერთ მოსახლეზე 8,5 დოლარზე მეტი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ია, საგარეო ვალი კი 38%; ბიუჯეტის შემოსავლებად გათვლილია 21 942,3 მილიონი ლარი, ხარჯვითი ნაწილად კი 27 500 მილიონი. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტია 7 829,2 მლნ ლარი 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და 415 ლარი გახდება. მაღალმთიან რეგიონებში - 500 ლარი; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და 315 ლარი ხდება. მაღალმთიან რეგიონებში - 380 ლარი. სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული ზედა ზღვრი 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი ხდება. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,7 მილიარდი ლარზე მეტი. გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის მატება. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2508 მილიონი ლარი იქნება. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია მასწავლებლების ხელფასების გაზრდა, სკოლებისა და ბავშვების მშენებლობა-რეაბილიტაცია. კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილია 472 მილიონი, რაც ასე გადანაწილდება: სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება -19,6 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება - 45 მლნ ლარი; სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 7,8 მლნ ლარი; კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 97,9 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 45,2 მლნ ლარი; მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 195,1 მლნ ლარი; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 51,4 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მაღლბიუჯეტიანი უწყებაა. დაფინანსება განისაზღვრა 3400,7 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2423,3 მლნ ლარი, გრანტებში 18,4 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 959,0 მლნ ლარი. 801 მილიონი ლარია ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, საიდანაც 5 მილიონი დაიხარჯება შავ ზღვაში ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობისთვის საჭირო კვლევით სამუშაოებზე. სხვა უწყებები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 688 მილიონი ლარი; ფინანსთა სამინისტრო - 114 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 414,7 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - 187,5 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტრო - 1380 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1260 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 210 მლნ ლარი; პროკურატურა - 63,2 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახური - 18 მლნ ლარი; სასამართლო სისტემა - 171,7 მლნ ლარი. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, საპარლამენტო განხილვების შემდეგ კი მასში ცვლილებები შევიდა.