თეგი: ბიუჯეტის გაზრდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდის მიმართულებით, ასევე, სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების განვითარებისთვის, - შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალოვანი უწყებების დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება „საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობასთან კოორდინაციით, პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის და გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებითაც გადანაწილდება. სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასევე გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მომატებული სახანძრო რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, 2022 და 2023 წლების საბიუჯეტო სახსრებით განსაზღვრულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური აღჭურვილობის სამი ვერტმფრენის შეძენა, რომლებიც განკუთვნილი იქნება ძებნა-გადარჩენის, ხანძრის ქრობის, საპოლიციო ოპერაციებისათვის. ამასთანავე, გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო, მაღალი გამავლობის 30 სპეციალური ავტოტრანსპორტის შეძენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე, პოლიციელებისთვის ღირსეული პირობების და სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის სოციალური გარანტიების შექმნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.