თეგი: ბოლივია

კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

ბოლივიის წარმომადგენელმა გაეროში, დიეგო პარიმ სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პალესტინელი ხალხის უფლებებს. „შედეგად, ბოლივიელმა ხალხმა და მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელის სახელმწიფოსთან, რადგან ჩვენ მას მივიჩნევთ სახელმწიფოდ, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანთა სიცოცხლეს, საერთაშორისო კანონს ან საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს,“ - აღნიშნა პარიმ. ბოლივია ასევე ემზადება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან კონსულტაციებისთვის თავიანთი ელჩები გაიწვიეს. „თუ ისრაელი არ შეაჩერებს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით,“ - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ. თავის მხრივ, ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან ღაზის სექტორში ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო. განცხადება გაავრცელა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნავს, რომ მკაცრად გმობენ და დიდი შეშფოთებით აკვირდებიან სამხედრო ოპერაციებს, „რომლებიც მათი განვითარების ამ ეტაპზე გულისხმობს ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას, პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რისი დემონსტრირებაცაა რვა ათასი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები“.