თეგი: ბომბი
ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ მიიღო ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ყველა მეტროსადგურზე, მნიშვნელოვან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტზე, ყველა სავაჭრო ცენტრში, ზოოპარკში, ასევე, ეკლესიაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვის ძალების კოლექტიური ცენტრის კინოლოგიური და საინჟინრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დღეს ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.
ერევნის მეტროსა და საერთაშორისო აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად, ერევნის მეტროს ყველა სადგურსა და ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. სომხური მედიის ცნობით, მეტროს მუშაობა შეჩერებულია, თანამშრომლები და მგზავრები ევაკუირებულნი არიან. ზვარტნოცის აეროპორტში, ისევე როგორც ერევნის მეტროს ბარეკამუტიუნის, ჩარბახის, შენგავიტის და მარშალ ბაღრამიანის სადგურებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. ასაფეთქებელი ნივთიერების ძებნა ერევნის მეტროს სხვა სადგურებში გრძელდება. ერევანში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა.