თეგი: ბორის ობნოსოვი

ჩეხეთმა რუს ოლიგარქ ბორის ობნოსოვს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსული ჰოლდინგის, „ტაქტიკური სარაკეტო იარაღის" ხელმძღვანელ ბორის ობნოსოვს, მის ქალიშვილსა და სიძეს, რომლებიც პრაღაში ცხოვრობენ, სანქციები დაუწესა. სანქციების სიის მიხედვით, როსტისლავ ზორიკოვი მეუღლე ოლგასთან ერთად პრაღაში ცხოვრობს, სადაც მილიონობით დოლარის უძრავ ქონებას ფლობს. ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა ივლისში განაცხადა, რომ ზორიკოვი ქალაქში 100 მილიონზე მეტი ჩეხური კრონის (4,5 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ქონებას მათ შორის, ძვირადღირებულ პენტჰაუსს ფლობს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანახმად, როსტისლავ ზორიკოვი ჩეხეთში ფლობს ასევე კომერციულ უძრავ ქონებას. გარდა ამისა, ზორიკოვის ოჯახი ფლობს მდიდრულ მანქანებს რუსეთსა და ევროპაში. თხუთმეტმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიას, ევროპის საბჭოსა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიმდინარე წლის ივლისში მიმართა ობნოსოვისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით. ინიციატივის ავტორის, პეტარ ტანევის თქმით, მიმართვის მიზეზი გახდა ნავალნის თანამოაზრეების მიერ ჩატარებული გამოძიება პრაღაში ობნოსოვების ოჯახის კუთვნილი მდიდრული უძრავი ქონების შესახებ. „პროცესის დაჩქარების მიზნით, ევროპარლამენტარებმა შეიმუშავეს ეს მოთხოვნა, ისინი ვალდებულნი არიან, ეს საკითხი განიხილონ რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ტანევმა. ევროპარლამენტარები თავიანთ მიმართვაში ევროკომისიას, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში სთხოვდნენ, სანქციების რეესტრში შეეყვანათ ბორის ობნოსოვი და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ქალიშვილი ოლგა ზორიკოვა და სიძე როსტისლავ ზორიკოვი. მანამდე ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტ რაუშანმა აცხადებდა, რომ ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან ერთად განიხილავს ეროვნული სანქციების სიაში პრაღაში მცხოვრები როსტისლავ ზორიკოვის ჩართვის შესაძლებლობას. ცნობისთვის, ჩეხეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია ასევე პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი ევტუშენკოვი. სანქციების სიაში შესვლა ნიშნავს, რომ ინდივიდს აკრძალული აქვს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა. ის ასევე ექვემდებარება აქტივების გაყინვას და ჩეხური სისტემების მეშვეობით ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას. ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებს ჯამში 350 მილიონი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა. გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა არაერთ რუს ბიზნესმენს დაუწესა სანქციები. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე