თეგი: ბრალდებული
პროკურატურა: პირს, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა
პირს, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და მე-5 ნაწილის ,, გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო. ამასთან, პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ასევე წაკითხეთ: ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გირაოს შეტანამდე მოსამართლის მიერ ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა №1341 და №1660კონსტიტუციური წარდგინებები (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე). წარდგინებებით სადავოდ იყო გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა დაკავებული ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების წესს. კერძოდ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას. წარდგინებების ავტორი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ სასამართლოს უნდა შეძლებოდა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაეწყვიტა, საჭირო იყო თუ არა პირის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის ღონისძიების გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად წარმოადგენდა სადავო რეგულირება გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილებისა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, გამონაკლის შემთხვევაში, პირის პატიმრობაში დატოვების ობიექტური საჭიროება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო რეგულირებით, ცალკეულ შემთხვევებში, ინდივიდის ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება თვითნებურად იზღუდებოდა, რამდენადაც მის საფუძველზე პირი თავისუფლების აღკვეთის/საპატიმრო დაწესებულებაში განაგრძობდა ყოფნას იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობდა თავად თავისუფლების შეზღუდვის აუცილებელი, საგამონაკლისო საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს პოზიცია და მიიჩნია, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით ხდებოდა ადამიანის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტი) არათანაზომიერი შეზღუდვა, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ერთი პირის განზრახ მკვლელობის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კ.ს.-მ ეჭვიანობის საფუძველზე, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით თანასოფლელ მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „სამართალდამცავებმა კ.ს. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ პრიმა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურამ გენდერის ნიშნით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულს ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებდა. ბრალდებულის ქმედებების გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.