თეგი: ბრუნო მარსი

ბრუნო მარსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს

1-ელ ოქტომბერს საქართველო, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება. „15 "გრემის" ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი Doo-Wops & Hooligans მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა "გრემის" დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც. ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა. სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად. ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia- ს ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება. Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.