თეგი: ბუნებრივი გაზი
244 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელების ჯამური ღირებულება იზრდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესსახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, დამტკიცდა გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 244 დასახლებულ პუნქტში არსებული 39 698 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება 135 272 350 ლარს შეადგენს. განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფენ შესაბამისი რესურსის მოძიებას და 2022-2024 წლებისთვის შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინებას. ასევე, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან დაფინანსდება. ცვლილება შევიდა „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2022-2024 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის N2120 განკარგულებაში.
ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოება შემცირდა
ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ფულადი თვალსაზრისით 259,9 მილიარდი ტენგე (554 მილიონი დოლარი) შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 1,5 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ტელეგრამის არხი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთმა საანგარიშო პერიოდში 43 366,8 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც ასევე 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე, წარმოებულია 25 777,1 მლნ კუბური მეტრი ასოცირებული ნავთობგაზი, რაც 2,9 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე. ყაზახეთში ბუნებრივი აირის მოპოვებით 4 საწარმოა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ყაზახეთმა ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანზიტის დივერსიფიცირების შესახებ განაცხადა.