თეგი: ბურჯუ სანი

რა მიზნით ეწვია საქართველოს NATO-ს გენმდივნის თანაშემწის მოადგილე

16-19 სექტემბერს NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ამბობენ, რომ ბურჯუ სანის ვიზიტი შეეხებოდა NATO-საქართველოს ურთიერთობებს, რეგიონში და რეგიონს მიღმა უსაფრთხოების მდგომარეობას და NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს.  ბურჯუ სანი საქართველოს ადრე ხშირად სტუმრობდა, თუმცა ეს მისი პირველი ვიზიტი იყო გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში. ვიზიტის განმავლობაში ის დაესწრო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის 10 წლის იუბილეს, შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, პაატა პატიაშვილს, NATO-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის თანამშრომლებს. ქალბატონი ბურჯუ სანის განცხადებები შეეხებოდა NATO-საქართველოს ურთიერთობებს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს, რეგიონში და რეგიონს მიღმა უსაფრთხოების მდგომარეობასა და ივლისში გამართული NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს,“ აცხადებენ NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. როგორც მან აღნიშნა: „გასული ათწლეულის განმავლობაში NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიულმა ინიციატივებმა აღსანიშნავი პროგრესი განიცადა. შეგვიძლია, ამ მიღწევებით ვიამაყოთ. წარმატებული 10 წლის შემდეგ NATO საქართველოსთან პარტნიორობის ერთგული რჩება და ამავდროულად ხაზს უსვამს NATO-ს ღირებულებების მნიშვნელობას.“ საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილესა და NATO-ს წარმომადგენლის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნის განხორციელებას. „NATO-ს მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აღინიშნა, რომ ალიანსისთვის საქართველო სანდო პარტნიორს წარმოადგენს და განსაკუთრებით აფასებენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ქართულმა მხარემ კი, დაადასტურა, რომ NATO-ში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მზადაა, გააგრძელოს ქმედითი ჩართულობა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.   აღსანიშნავია, რომ NATO და ქართული მხარე შეხვედრამდე NATO-ში ინტეგრაციის პრაქტიკული მექანიზმის - NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. 2014 წლიდან დღემდე SNGP-ის ფარგლებში 20 ინიციატივა განხორციელდა. ინიციატივები თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს და ალიანსის წევრების ჩართულობით მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ქვეყნის NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებას. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის არის NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS),“ აცხადებენ საგარეო უწყებაში. გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დაასრულა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა NATO-ს სამხედრო განათლების ყოველწლიურ სერჟანტთა აკადემიებისა და სკოლების კონფერენციაზე, რომელსაც წელს საქართველომ უმასპინძლა.   NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან