თეგი: გაბარი
თურქეთში, გაბარის მთასთან ნავთობის მოპოვება 5 000 ბარელს აღწევს
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაბარის მთის მახლობლად, ნავთობის საბადოზე დღეში 5000 ბარელამდე შავი ოქრო მოიპოვება. 12 დეკემბერს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა გაბარის მთის რეგიონში დიდი ნავთობის საბადოს აღმოჩენის შესახებ, რომლის მარაგი 150 მილიონ ბარელად არის შეფასებული, რაც $12 მილიარდის ექვივალენტია. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, დღეს თურქეთში სახელმწიფო საწარმოების მიერ ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობა 65 000 ბარელს აღწევს, ხუთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 40 000 ბარელს არ აღემატებოდა. კერძო კომპანიების წარმოების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღეში 80 ათას ბარელს აღწევს. თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილემდე, რომელიც ფართოდ აღინიშნება 2023 წელს, იგეგმება ნავთობის მოპოვების გაზრდა 100 000 ბარელამდე დღეში. ენერგეტიკის სამინისტრომ 2023 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ დაგეგმილია 150 ჭაბურღილის გაბურღვა, საიდანაც 95 საძიებოა, 55 კი წარმოების გაფართოების მიზნით დამუშავდება.