თეგი: გაბრიელ გარსია მარკესი
მარკესის შვილებმა გამოაქვეყნეს ბოლო რომანი, რომლის გასაჯაროებაც მწერალს არ სურდა
გაბრიელ გარსია მარკესის შვილებმა გამოაქვეყნეს მწერლის ბოლო რომანი, რომლის განადგურებაც თავად მწერალს სურდა. BBC Radio-სთან ინტერვიუში გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთმა ვაჟმა გონსალომ წიგნის გამოქვეყნების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაბრიელ გარსია მარკესი არ იყო შესაბამის მდგომარეობაში, რომ ადეკვატურად განესაზღვრა ნამუშევრის ღირებულება და მას ტექსტში მხოლოდ ხარვეზის დანახვა შეეძლო. ის ამბობს, რომ ტექსტის წაკითხვისას მამამისის ახალი, უნიკალური მხარე დაინახა. გონსალო გარსია ბარჩამ ასევე აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან აღნიშნული ტექსტი აუცილებლად გამოქვეყნდებოდა და ოჯახმა გადაწყვიტა, გასაჯაროებულიყო წიგნის ის ვერსია, რაც მათ მოიწონეს. ხელნაწერი ტეხასის უნივერსიტეტში ინახებოდა. რომანის საბოლოო ვერსიის რედაქტორი გამომცემლობა Planeta Unidos-ის მთავარი რედაქტორი კრისტობალ პერაა, რომელიც თავის დროზე ამ ნაწარმოებზე მარკესთან ერთად მუშაობდა. მან BBC-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ ნაწარმოებისთვის, რომლის პირველ „შავ ვარიანტზე" მარკესმა მუშაობა 2004 წელს დაასრულა, არცერთი სიტყვა არ დაუმატებია. რომანი „აგვისტომდე" ("En Agosto nos Vemos") ეხება შუახნის ქალს, რომელიც ყოველ ზაფხულს მარტო მიემგზავრება კუნძულზე დედის საფლავის მოსანახულებლად და ყოველი მოგზაურობის დროს თან ახალი შეყვარებული ახლავს, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებაში მყოფი ბედნიერია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გარსია მარკესი ყურადღებას ამახვილებს ქალ პროტაგონისტზე. კოლუმბიელი ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი 2014 წელს გარდაიცვალა. 6 მარტს მარკესს 97 წელი შეუსრულდებოდა.