თეგი: გაგიკ წარუკიანი
სომხეთში, ბიზნესმენი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს
ბიზნესმენი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი მასშტაბური თაღლითობის ორგანიზებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარი დეპარტამენტის მიერ წარმოებული ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ 2022-დან 2024 წლამდე რამდენიმე პირმა გაგიკ წარუკიანის ორგანიზებით, სავარაუდოდ, მასშტაბური თაღლითობა ჩაიდინა და დიდი რაოდენობით ფული გაათეთრა. გამოძიების თანახმად, წარუკიანის ხელმძღვანელობით ორგანიზებული სავარაუდო კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ირანის მოქალაქეებთან, ირან-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიზნით ერთობლივი კომპანია შექმნეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანსა და სომხეთს შორის ლოგისტიკური და სატვირთო გადაზიდვების კავშირის დამყარების საბაბით, ჯგუფმა ირანელი მეწარმეების საკუთრებაში არსებული კომპანიებიდან თაღლითურად შემოიტანა 52 სატრანსპორტო საშუალება, დანადგარი, საწვავი და სხვადასხვა საქონელი. ასევე, ეჭვმიტანილებმა გააყალბეს დეკლარაციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, მიითვისეს დაახლოებით 8.127 მილიარდი დრამის (დაახლოებით 21.073 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) ღირებულების ქონება. საგამოძიებო კომიტეტი ასევე ამტკიცებს, რომ წარუკიანი, როგორც სომხეთში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ბენეფიციარი მფლობელი, შეთქმულებაში შევიდა რ.კ.-სთან, რომელიც საწვავის იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა, რათა საწვავის იმპორტის ტრანზაქციასთან დაკავშირებით ირანის მოქალაქისგან, რომელიც ი.ი.-ს სახელით არის იდენტიფიცირებული, თაღლითურად მიეღო 934,465 აშშ დოლარი. გამომძიებლების თქმით, ეს თანხები შემდგომში ინტეგრირდა კომპანიის კანონიერ ბრუნვაში, მათი სავარაუდო კრიმინალური წარმომავლობის დასაფარად.