თეგი: გაზის შესყიდვა

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა, რუსეთისგან გაზის შესყიდვა შეწყვიტა

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა ადგილობრივი ბაზრისთვის რუსული გაზის მიწოდება, გასული წლის 31 დეკემბრიდან შეწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა მონტიმ მედიასთან განაცხადა. „Edison-მა რუსეთთან კონტრაქტი 31 დეკემბერს დახურა. ჩვენი პაკეტი დივერსიფიცირებული და დამოუკიდებელია, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეროვნული მოთხოვნის 20%, მაგრამ ყველა ოპერატორი ახლა დაკავებულია რუსული წყაროების შემცვლელების ძიებით“, - თქვა ნიკოლა მონტიმ. მისივე თქმით, რუსული მარაგების სრულად ჩანაცვლებისთვის ოპერატორებს 2-3 წელი დასჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიას არ აქვს საკმარისი სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეგაზიფიკაციისთვის, რომლის იმპორტი შესაძლებელია შეერთებული შტატებიდან. შეგახსენებთ, რომ იტალია ყოველწლიურად რუსეთისგან 29 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობდა. ეს მოცულობა უზრუნველყოფდა ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის 40%. იტალია აპირებს რუსული გაზი 2024 წლისთვის სრულად ჩაანაცვლოს.