თეგი: გამანადგურებლები

იაპონია, დიდი ბრიტანეთი და იტალია ახალი თაობის გამანადგურებლის შექმნაზე შეთანხმდნენ

იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ხელისუფლებები 2035 წლისთვის ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთობლივად შექმნიან. პროექტის შესახებ მადრიდში, NATO-ს სამიტზე პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი. ოფიციალურმა ტოკიომ არაერთხელ განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში რეგიონული საფრთხეების ფონზე, იაპონია ორიენტირებულია NATO-ს ქვეყნებთან თავდაცვის თანამშრომლობაზე. სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, პროექტში წამყვან როლს იაპონური კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ი და ბრიტანული კომპანია BAE Systems-ი შეასრულებენ. იაპონიის და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ვაშინგტონის ადმინისტრაცია ტოკიოს ინიციატივას მხარს უჭერს“.  

გერმანია საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ ეწინააღმდეგება

გერმანია მზად არის, საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას დაეთანხმოს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმ განაცხადა.  ბერბოკი ისრაელში ვიზიტით იმყოფება. ბერლინმა იარაღის მიყიდვა საუდის არაბეთისთვის, 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში, საუდის არაბეთის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ შეაჩერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავის დროზე უარი განაცხადა საუდის არაბეთისთვის Eurofighters-ის მიწოდების გადაწყვეტილების განბლოკვაზე. მისი კოალიციის პარტნიორი, მწვანეები, მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ ამ ნაბიჯს და მიუთითებდნენ ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ შეშფოთებაზე და საუდის არაბეთის როლზე იემენის ომში. Eurofighter-ის პროექტი არის ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ერთობლივი ძალისხმევაა. „მსოფლიო, განსაკუთრებით აქ, ახლო აღმოსავლეთში, 7 ოქტომბრის შემდეგ სრულიად განსხვავებული ადგილი გახდა,” - განაცხადა ბერბოკმა. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისში. მანვე აღნიშნა, რომ ერ-რიადმა არაერთხელ მოიგერია იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები და საუდის არაბეთის ეს ქმედებები აჩვენებს მის სურვილს, რეგიონს ჰქონდეს უკეთესი მომავალი. გერმანია ერ-რიადის მადლიერია. დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია, ცდილობს მიიღოს გერმანიის თანხმობა საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე. გერმანიის კოალიციურ მთავრობაში არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ არ განახორციელოს იარაღის ექსპორტი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში დადასტურებულად არიან ჩართულები.