თეგი: გამონაბოლქვი
დღეიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება
დღეიდან, 4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები, სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად განახორციელებენ. „სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) - 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით. გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იგივე სანქციით. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე, თავისი ხარჯით, სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება. გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. „დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 432 - ბათუმში, 354 - ქალაქ რუსთავში. 2460 საჯარიმო ქვითრიდან 2114 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა. 346 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია, რომ 1451 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 851 - მიკროავტობუსის, 157 - სატვირთო ტიპის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.