თეგი: გამოცდების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი: უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ
უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV). „ტესტის მოკლე აღწერა: უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა. საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან: 22 არჩევით პასუხებიანი დავალებაა; 2 - შესაბამისობის დავალება; 8 - ღია დავალებები; ფუნქციური/ანალიტიკური წერა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი. საგამოცდო პროგრამა და ტესტურ დავალებათა ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრი: გამოცდების ჩასატარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 22 საგამოცდო ცენტრია შერჩეული
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2022 წლის გამოცდებისათვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. გამოცდების ჩასატარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე შერჩეულია 22 საგამოცდო ცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი. ამ რაოდენობის გათვალისწინებით მომზადდა პასუხების ფურცლები და ფურცლები შავი სამუშაოსათვის, ასევე დამხმარე მასალა: რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა - მიმდინარეობს მათი დასაწყობება საგამოცდო ცენტრებისთვის. „განაწილდა ცენტრების მიხედვით ჰიგიენური მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარიც. შემოწმდა და ცენტრებში გასაგზავნად უკვე მზადაა ხმის გამაძლიერებლები და ყურსასმენები, კალმები, საინფორმაციო პლაკატები, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გასაწევად კი თითოეული ცენტრისთვის საჭირო მედიკამენტები. ამჟამად მიმდინარეობს გამოსაცდელების განაწილება სპეციალური პროგრამის მეშვეობით.შემოწმდა და სპეციალური პროგრამით აღიჭურვა ყველა ის კომპიუტერი, რომლებიც გამოყენებული იქნება 2022 წლის გამოცდებისათვის. მათ შორის, უცხოური ენების მოსმენის დავალებებისათვის საჭირო კომპიუტერებიც. მომზადების პროცესშია საგამოცდო სერვერებიც. ზემოხსენებული ინვენტარი საგამოცდო ცენტრებში გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გაიგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზადისი უშუალოდ საგამოცდო ცენტრებში გადაინაცვლებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ტესტირების შედეგად შეარჩია ის მეთვალყურე-კურატორები, რომლებიც ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად პროცესს საგამოცდო ცენტრებში ადგილზე წარმართავენ. უკვე შერჩეულია საგამოცდო ცენტრების მიხედვით ადმინისტრატორ-კოორდინატორები, IT მენეჯერები, თანაშემწეები და სხვა ტექნიკური პერსონალი, რომლებიც პროცესში ადგილზე ჩაერთვებიან. 2022 წლის საგამოცდო პროცესის დროულად, შეუფერხებლად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ მუშაობას.შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე საგნის შეცვლის ან დამატების, ასევე გამოცდის ენის შეცვლის ვადა 13 აპრილს 18:00 საათზე ამოიწურება. მათივე ცნობით, ამ კატეგორიის აბიტურიენტებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ. „განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9, რეგიონებში კი - ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი უკვე დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა (დამატება, წაშლა ან გადაადგილება) - ეს ვადა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე ამოიწურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას მათ რაოდენობაში შეზღუდული არ არის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ აბიტურიენტთა ცნობარს, რომელშიც მოცემულია სიახლეები, აგრეთვე ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში მოცემულია ცხრილიც, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვრცელდება დეზინფორმაცია გამოცდების დაწყების თარიღზე - გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცდები 2023-ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი ყველა მონაწილეს სთხოვს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება. საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4)", - ნათქვამია ინფორმაციაში. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს.
NAEC-ი განმარტავს, რატომ განუცხადეს უარი აბიტურიენტს დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ წარადგინეს, შესაბამისად, „შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.“ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ცენტრმა სასამართლოს განჩინება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრა. „2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება - ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო: ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო; გ) დაუძლეველი ძალის გამო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება. გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადა
შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა
შიმშილობა დაიწყო აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად განუცხადა უარი გამოცდის დანიშვნაზე. „მე ვიშიმშილებ მამამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს, მისცენ ჩემს შვილს საშუალება, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა," - აცხადებს აბიტურიენტის დედა. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ერთ-ერთი აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ „გამოცდების ეროვნული ცენტრი" სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. კერძოდ, დამატებით ტესტირებას არ ნიშნავს იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. 27 ივლისს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას მოითხოვდა.
NAEC-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შსს-ს მიმართეს
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ანა არგანაშვილი, აცხადებს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად, დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადეს. მისივე განმარტებით, იძულებითი აღსრულების მოთხოვნით, „აღსრულების ეროვნულ ბიუროს" უახლოეს საათებში მიმართავენ. „შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს „რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს.” თუ ამას დავუშვებთ, მაშინ, პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები. ათასნაირი გამოსავალი შეეძლო, მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა,“წერს არგანაშვილი. NAEC-ი განმარტავს, რატომ განუცხადეს უარი აბიტურიენტს დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე
სახალხი დამცველი NAEC-ისგან აბიტურიენტისთვის გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნას მოითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე და 2023 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ს.ბ.-თვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. შესაბამის ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო, უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება, გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. 27 ივლისს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას მოითხოვდა. 2 აგვისტოს შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ წარადგინეს, შესაბამისად, „შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.“ მოგვიანებით, NAEC-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. აბიტურიენტის უფლებებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იცავს.
წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლებ, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. დღეს, 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გორგოძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. „პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ნებისმიერი ცვლილების შეტანისას (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება. შეგახსენებთ, იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი. გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა - 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41; ინგლისური ენა - 754; რუსული ენა - 15; გერმანული ენა - 19; ფრანგული ენა - 2; მათემატიკა - 510; ისტორია - 796; გეოგრაფია - 29; ბიოლოგია - 228; ქიმია - 60; ფიზიკა - 40; ლიტერატურა - 52; ხელოვნება - 7; სამოქალაქო განათლება - 114. შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში. აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ,” - აღნიშნა სოფიო გორგოძემ. სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.