თეგი: გამწვანება
2024 წლიდან, საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს - ბითაძე
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს, რომ 2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. "დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება. ცვლილებები მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანონპროექტი ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას და მოახდენს ქაოსური განაშენიანების პრევენციას. მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომლებიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი გამოყენებული იყოს, რომ მუნიციპალიტეტები მზად იყვნენ, შეათანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც“, – განაცხადა ბითაძემ.