თეგი: განათლება
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას ეხება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განმარტებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში, ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდებიან სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამებს. აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში. ამასთან, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვასა და მობილიზებას. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.
USAID-მა საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა. „სწავლა სიბერემდეო“ ვამბობთ ხოლმე და ვგულისხმობთ უწყვეტ განვითარებას სკოლის დამთარების შემდეგ. USAID ამ ბრძნულ მოსაზრებას იზიარებს და სწორედ ამიტომ, აქ, საქართველოში, დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ საქართველოს განათლების სისტემის მუდმივ მხარდაჭერას დაწყებითი საფეხურიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით. USAID მხარს უჭერს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში; ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდითა და ტექნოლოგიების აქტიურად ინტეგრირებით; აძლიერებს იურიდიულ და მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხარისხს უმაღლეს სასწავლებლებში; შეიმუშავებს და ახორციელებს კერძო სექტორთან ერთად შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილ პროფესიულ პროგრამებს. მოუთმენლად ველით მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი მიღწევებს და წარმატებებს“, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო გავითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, განათლების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით, რაც განათლების ყველა მიმართულებით, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მისივე ცნობით, სხვადასხვა მხარდამჭერი საგანმანათლებლო პროექტის განსახორციელებლად, USAID საქართველოს მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.
პრემიერი: აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად იწყებს პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, „რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას.“ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე. „მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას, ბიზნესს, საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ შეთავაზებას. ეს არის საუკეთესო პრაქტიაკზე დაყრდნობით შემუშავებული წინაადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფოს მხრიდან, ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. ეს არის რეალური საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში, ჩვენ მიერ, თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ამასთან, თქვენთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმე, ზოგადად, პრესტიჟის გაზრდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებელია, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ, მთავრობამ და ბიზნესმა, ორივემ ერთად. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე,” - განაცხადა პრემიერმა.
USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს
26 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში - ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. აშშ-ის გავითარების სააგენტო ახალ პროგრამას - “USAID განათლება მომავლისთვის“ იწყებს. $14 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია ქემონიქსი. ამერიკული მხარის განმარტებით, USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში 5 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას. აშშ-ის განვითარების სააგენტოს განცხადებით, USAID აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას და ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მშენებლობას. USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას გახსნის USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ მაქიი, რომელიც საქართველოში იმყოფება. პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
რა შედგები აქვს საქართველოს PISA-ს განათლების კვლევაში
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) მსოფლიოში განათლების ხარისხის შესაფასებლად ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენება. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ტარდება. PISA აფასებს 15 წლის ადამიანების ცოდნასა და უნარებს მთელ მსოფლიოში კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში. უახლესი მონაცემებით, 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა. PISA-ს ბოლო კვლევა სწორედ ამ წელს ჩატარდა. 2022 წელს 2018 წელთან შედარებით მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში, კი 8 და 6 ქულით გაუარესდა. ამის მიუხედავად, PISA-ს შეფასებაში ნათქვამია, რომ არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკას არ ცვლის. კვლევის მიხედვით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს ქართველ მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია. ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნების შედეგებს, რომლებიც PISA-ს შეფასებაში მონაწილეობენ. წაკითხულის გააზრებაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა. მე-2 დონე ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან მარტივი სტრატეგიები პრობლემის გადასაჭრელად. შეუძლიათ ინფორმაციის მიღება ერთი ან მეტი წყაროდან, მარტივი ამოცანების გადაჭრა, შედეგების პირდაპირი ინტერპრეტაცია. კერძო სკოლის მოსწავლეები უფრო მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეები; მათემატიკაში მაღალი შედეგები თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ, შემდეგ სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებლებს. ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც; საქართველოში ბიჭები და გოგოები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგოები 35 ქულით სჯობნიან ბიჭებს; საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგოების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანს, დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას; საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანი და რუსულენოვანი ჯგუფის შედეგებს. შედეგები სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3 %-ი ყველაზე ღარიბი მოსწავლეები არიან; საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების, დაახლოებით, 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო. ისინი მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდნენ. კვლევა ამ მოსწავლეებს აკადემიურად მდგრადებს უწოდებს, რადგან მიუხედავად ეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს. მოსწავლის კმაყოფილება სასკოლო ცხოვრებით საქართველოში 2022 წელს 15 წლის მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ისინი ადვილად იძენდნენ მეგობრებს სკოლაში და 51%-ი სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობს. ამავდროულად, 14% თავს სკოლაში მარტოსულად, ხოლო 13% თავს უცხოდ ან გარიყულად მიიჩნევს. 2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, ყოველმა მეათე მოსწავლემ თქვა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით. საქართველოს 15 წლის გოგოების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. მოსწავლეები სკოლის გაცდენისას მიზეზად, ყველაზე ხშირად ავადმყოფობას, მოწყენილობას ასახელებენ. 2022 წელს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ისეთი მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც იციან თავიანთი მომავალი პროფესია. ათი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დაბალი საერთო PISA ქულები აქვს: ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა დომინიკის რესპუბლიკა. მე-9-ზე - საქართველო. დომენიკის რესპუბლიკა - 334.3 ფილიპინები - 350.0 კოსოვო - 361.3 პანამა - 365.0 მაროკო - 368.0 ლიბანი - 376.7 ინდონეზია - 382.0 საუდის არაბეთი - 386.0 საქართველო - 387.0 არგენტინა - 395.0 ყველაზე მაღალი PISA ქულების მქონე ქვეყნები ასე განაწილდნენ: ჩინეთი - 578,7 სინგაპური - 556,3 ესტონეთი - 525,3 იაპონია - 520.0 სამხრეთ კორეა - 519,7 კანადა - 516,7 ტაივანი - 516,7 ფინეთი - 516,3 პოლონეთი - 513,0 ირლანდია - 504,7 მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის შედეგებს გამოეხმაურა გამოცდების ეროვნული ცენტრი. „უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს კოვიდპანდემიასთან (Covid-19) მიმართებით საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა - 2018 წლის შედეგებთან მიმართებით 2022 წელს საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არცერთ სფეროში (მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც შედეგები 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა. PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც, გამოსცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაო. მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა). საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი - 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი - 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლების მინისტრი: აუცილებელია, სკოლებში დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აუცილებელია, სკოლებში დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება.“ მინისტრის შეფასებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი მხრივ ,მასწავლებელმა იცოდეს, რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, ეს განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვისა და ქვეყნისთვის. „უკვე აქტიურად გვაქვს დაწყებული ეს პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარება, რა დახვეწა და გაუმჯობესება სჭირდება. მე-12 კლასში უკვე უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ჩვენ ვეძახით ბავშვის ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში. ესეც იქნება მოაზრებული ცვლილება და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს,“ - განაცხადა ამილახვარმა. განახლება: განათლების და მეცნიერების მინისტრი დამატებით საუბრობს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა. „საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში, ყველგან არის არა თუ ოჯახთან დაკავშირებული მიმართულებები, არამედ, არის ზოგადად ოჯახის პოლიტიკა. მე როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდი, ჩვენ ვსაუბრობდით ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ეს არ არის საგნის სწავლება, ეს არის ის პრინციპი და ღირებულებები, რომლებზეც გვინდა, ავაშენოთ ზოგადი განათლების სისტემა და მათ შორის, ყველა ის საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება. ეს დაეფუძნება პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას, ასევე, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ისტორიის და კულტურის ხაზგასმას, სხვა უნივერსალურ ღირებულებებთან ერთად, რომელიც ასევე, თავისთავად გულისხმობს გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბებას და იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის,” - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება. „ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან0წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, ყველა უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ჩართული ამ პროცესში და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებ. შევჯერდით, რომ იყოს 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა არსებულ 4 წლიანთან ერთად. საზოგადოებას და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება. მას შეუძლია ორივე პროგრამა განახორციელოს, ან ერთ-ერთი, როგორც მოისურვებენ. არ იზღუდება არც ოთხ წლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, რომ 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაც იყოს. პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის იქნება, თუმცა აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, ვინაიდან გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რასაც ბუნებრივია, თავის გარკვეული შეზღუდვები ექნება. ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება და ა.შ. ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე ექსკლუზიურად, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ დაინტერესებულ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა,“ - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
ქვეყანაში 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. ამასთან, 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა და ვაკანტურ თანამდებობაზე ნული განაცხადია შესული. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია 2 მარტს დასრულდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური. ცნობისთვის, ქვეყანაში სულ 2086 საჯარო სკოლაა.
აუდიტი: განათლების სამინისტროს შეფასებული არ აქვს სკოლების მდგომარეობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშის თანახმად, განათლების სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად. დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და ფორმალურია, რაც მიუთითებს დაგეგმვის პროცესის არაეფექტიანობაზე. „ეფექტიანი მართვის სისტემის განვითარება სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა, რაც ერთ-ერთ მიზნად მოიაზრებს სკოლის მართვის დიფერენცირებული მიდგომისა და ავტონომიურობის გაზრდის მხარდაჭერას. სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად. რესურსცენტრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საჯარო სკოლების მონიტორინგი, თუმცა არ არის განსაზღვრული ჩასატარებელი მონიტორინგის ოპტიმალური რაოდენობა და სიხშირე, აღნიშნული კი, სასწავლო პროცესის და გარემოს გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელოვანი საფუძველია. არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და ფორმალურია, რაც მიუთითებს დაგეგმვის პროცესის არაეფექტიანობაზე. რიგ შემთხვევებში რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა იდენტური რაოდენობის პირობებში იქმნება ფუნქციების არაეფექტიანად განხორციელების რისკი. სკოლის მართვის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლი არ არის საკმარისად ეფექტიანი. ძირითად შემთხვევაში საბჭოს წევრების როლი სკოლების მართვის პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს − წევრები ნაკლებად არიან ჩართულნი სკოლის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, მაშინ როცა სამეურვეო საბჭო დეცენტრალიზებული მართვის მოდელის განხორციელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. არ არის განსაზღვრული საბჭოს ფუნქციონირების შედეგად მისაღწევი მიზანი, რომელთან მიმართებითაც შეფასდება საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობა. სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული საბჭოს საქმიანობა და არ განხორციელებულა საჭიროებების კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება,” - ნათქვამია ანგარიშში.
უნივერსიტეტებში თეორიული ცოდნის მიღება ონლაინ გახდება შესაძლებელი
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თეორიული კურსების გავლა სტუდენტებს დისტანციურად შეეძლებათ. განათლების მინისტრ გიორგი ამილახვრის თქმით, საკითხი 11 მარტის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელიც თეორიულ სწავლებას მოიცავს, ეს კურსები სრულად ელექტრონულ სივრცეში ჩაატარონ. მათ ამისთვის სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდებათ - ამ უფლებას განათლების სამინისტრო გასცემს. "შესაძლებელი იქნება სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას," - აცხადებენ განათლების სამინისტროში. საქართველოში ონლაინ განათლების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ამ დრომდე საქართველოში დისტანციური სწავლების შესაძლებლობები მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიყენებოდა. იგივე კანონპროექტი დაარეგულირებს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დისტანციურად სწავლებას. საწყის ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული იქნება ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის განათლების ხარისხის დამდგენი უწყებების მიერ.