თეგი: განახლებადი ენერგია
საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე იზრდება, USAID-მა ქართულ კომპანიასთან დოკუმენტი გააფორმა
USAID-მა და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიამ დღეს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის წერილს, რომლის საფუძველზეც საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე გაიზრდება, კერძოდ, გორში 5 მეგავატი მზის სიმძლავრე დაემატება. „USAID და საქართველოს განახლებადი ელექტროენერგიის კომპანია ითანამშრომლებენ მზის ენერგიის პროექტის შემუშავებაზე 21 მეგავატიან ქართლის ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში. პროექტის განვითარებისთვის USAID ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას. ამასთანავე, ორივე მხარე ხელს შეუწყობს პოტენციური პროექტების განვითარებას, რომლებიც კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდით მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოს განახლებად ენერგიაში. „განახლებადი და სუფთა ენერგია უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის ცვლილების საქმეში. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის უფრო სტაბილურ და ხელმისაწვდომ მიწოდებას საქართველოს მოსახლეობის, ბიზნესების, საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის და ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან“, - აღნიშნა USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა. ამერიკული მხარის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში USAID მხარს უჭერდა საქართველოში სუფთა, განახლებადი, საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგიის განვითარებას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აყვავებული და უსაფრთხო საქართველოსთვის მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა“, - აცხადებს USAID-ი.
ყირგიზეთი, საინვესტიციო პორტფელში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ცდილობს
ყირგიზეთი მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას და ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის მცირე ჰესების მშენებლობაში. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს სააქციო საზოგადოება „ჩაკან ჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ნურლან სადიკოვმა განუცხადა. მისივე თქმით, ყირგიზეთს აქვს კვალიფიციური სამუშაო ძალა, კარგი სამუშაო გამოცდილება, ინფრასტრუქტურა და მდიდარი წყლის რესურსები ენერგეტიკის სექტორში. სადიკოვმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ბიშკეკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე ჰესების მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. „ჩვენ ვართ მთებისა და წყლის ქვეყანა. საკმარისი რესურსი გვაქვს. ჩვენ მზად ვართ მთელი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მობილიზებისთვის. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ყირგიზეთში მცირე ჰესების აშენება“, - განაცხადა სადიკოვმა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ყირგიზეთის მზადყოფნას გაუწიოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა უცხოელ ინვესტორებს. ამასთან, ყირგიზეთი აჩქარებს ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ, რათა ელექტროენერგიის დეფიციტი 3 მილიარდი კილოვატ/საათი გადაფაროს. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჩუის რაიონში ექსპლუატაციაში შევიდა „სოკულუკის“ ჰიდროელექტროსადგური, რომელიც, სავარაუდოდ, წელიწადში საშუალოდ 11 მილიონ 895 ათას 756 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჯალალ-აბადის რეგიონში, გარდა Kambar-Ata-1 წყალსაცავისა და ჰიდროელექტროსადგურისა, რომლის ღირებულება 2 მილიარდ 916,6 მილიონი დოლარი იქნება, ჩაეყრება საძირკველი ნარინის რეგიონში მდებარე კულანაკის ჰიდროელექტროსადგურს. ახალი ჰესის ღირებულება 124 მილიონი დოლარი იქნება და პროექტი ოთხ წელიწადში დაიწყება. „რესპუბლიკაში მიმდინარეობს მცირე ჰესების დაპროექტება პაპანის, ორტო-ტოკოისა და ტორტ-კულის წყალსაცავებზე. კამბარატა ჰეს-2-ის მეორე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გასაშვებად სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცახდა ნურლან სადიკოვმა.
ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ
ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდისა და „მწვანე“ ინდუსტრიის განვითარების მიზნით წარმოებას აფართოებენ. ამის შესახებ დღეს ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა. ნორვეგიის მთავრობის წევრებისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის შეხვედრის შედეგად, ხელი მოეწერა დეკლარაციას ნორვეგიულ კომპანია Equinor-სა და გერმანულ RWE-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის სფეროში. „ენერგეტიკულმა კრიზისმა ხაზი გაუსვა ნორვეგიის, როგორც ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებლის მნიშვნელობას, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა დაგვეხმარება საერთო მიზნების მიღწევაში. მწვანე ინდუსტრიალიზაციას და ემისიების შემცირებას“, - განაცხადა იონას გაჰრ სტერემ. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააფართოვონ თანამშრომლობა წყალბადის წარმოების, ბატარეის ტექნოლოგიების, ნახშირბადის დაგროვებისა და შენახვისა და ქარის ენერგიის სფეროში“, - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ. ნორვეგია ევროპისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად ქვეყანამ გაზარდა ნახშირწყალბადების წარმოება რუსეთის მიერ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში საწვავის მიწოდების შეჩერების გამო. Equinor-ი გახდა ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი „გაზპრომის“ მიერ მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ.
USAID აცხადებს, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, USAID ხელს უწყობს ინვესტორებისა და მთავრობის თანამშრომლობას საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის და განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, USAID-მა დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. იუწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მისივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, USAID-მა შეკრიბა განახლებადი ენერგიის დეველოპერები და ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და ენერგიის მსხვილი მომხმარებლები, რათა ერთობლივად განეხილათ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოზიდვის ინოვაციური სტრატეგიები და მიდგომები. პოტენციური ინვესტორების დისკუსია ოფიციალურად გახსნეს USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ. „USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან განახლებადი ენერგიის წარმოების გაფართოების მიზნით. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ენერგოუსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სტაბილური და ხელმისაწვდომი განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელსაც გამოიყენებს როგორც მოსახლეობა, ასევე მრეწველობა. USAID პრიორიტეტს ანიჭებს განახლებადი ენერგიის წარმოებას საქართველოში, რაც ქვეყანას ხდის უფრო ძლიერ და უსაფრთხო პარტნიორს სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა. პოტენციურ ინვესტორებთან დისკუსიები ორიენტირებული იყო განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების მიმდინარე დაფინანსების რესურსებზე და დაფინანსებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ინსტიტუციურ პერსპექტივაზე. მონაწილეები გაეცნენ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოზიდვის ინოვაციური სტრატეგიებისა და მიდგომების ფართო სპექტრს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების უზრუნველსაყოფად ფართოდ გამოყენებული კორპორატიული ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებაც. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განახლებადი ენერგიის პროექტების პოტენციური კრედიტორების და მიდგომების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ დეველოპერები, რათა განახლებადი ენერგიის პროექტები გახდეს მიმზიდველი საბანკო სექტორისთვის და მისაღები დაფინანსებისთვის“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინა და იტალია განახლებადი ენერგიის სფეროში ითანამშრომლებენ
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტრომ განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ენერგეტიკის გარდამავალი და განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სვიტლანა ჰრინჩუკმა და იტალიის გარემოს დაცვის სამინისტროს ვიცე მინისტრმა ვანიამ,“ - წერია განცხადებაში. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტექნოლოგიების გადაცემისა და შესაძლებლობების განვითარებას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სექტორებში და სხვა. როგორც ცნობილია, COP28 კლიმატის სამიტზე დუბაიში (UAE) 22 ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ, მსოფლიოს მოუწოდა, განავითაროს ბირთვული ენერგია.
საქართველო და აზერბაიჯანი განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ
ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს (AREA) ცნობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილება. დისკუსია ონლაინ შეხვედრაზე AREA-ს დირექტორის მოადგილის კამრან ჰუსეინოვისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორის ჯაბა ხმალაძის მონაწილეობით გაიმართა. როგორც AREA-ში აცხადებენ, მხარეებმა მთავრობის მიერ ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.