თეგი: განსახლება

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესს დაპირისპირება მოჰყვა

თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან დაპირისპირებაა. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს, რასაც ხმაური მოჰყვა. აღსრულების პოლიცია შენობაში შესვლას ცდილობს, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებული იყო - საბოლოოდ, სადარბაზოს კარი სამაშველო სამსახურის დახმარების შედეგად გახსნეს. ამ დროისთვის, აღსრულების ბიურო უშუალოდ ბინაში შესვლას ცდილობს. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ. ადგილზე მისულია საპატრულო პოლიციაც.  როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი, მთლიანობაში გადახდილი აქვთ - $80 000. კოვიდპანდემიის გამო, მარტის დასაწყისში, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა. ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის, ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება, ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ შეცვალა. აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში გასულ წელსაც იყო მისული და მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ, ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო.