თეგი: გარეთ უორდი

ელჩი გარეთ უორდი: ლონდონი და დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ინვესტიციების ერთ-ერთი საკვანძო წყაროა

„პირველად საქართველოს 25 წლის წინ ვესტუმრე, ასე რომ, მაქვს პერსპექტივა, როგორ ვითარდებოდა საქართველო. ამ კვირას გვქონდა ძალიან კარგი განცხადება, რომ განახლდება პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისში და პირიქით, რაც მიმოსვლას გაუადვილებს ტურისტებს, ბიზნესმენებს... რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, პირველ რიგში, ალბათ, უნდა ვახსენოთ ეკონომიკური ურთიერთობები. აქ დიდ როლს თამაშობს ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც წარმოდგენილნი არიან საქართველოს ყველაზე დიდი ბანკებიც. ამიტომაც, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლონდონი და დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ინვესტიციების ერთ-ერთი საკვანძო წყაროა,“ ეს ამონარიდია ინტერვიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის ახალმა ელჩმა გარეთ უორდმა რადიო თავისუფლებას მისცა.  რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, ელჩის შეფასებით, ეს ასევე უმნიშვნელოვანესი სექტორია. „უკვე წლებია, დიდი ბრიტანეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც - ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამხედრო ძალებთან, ვეხმარებით საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში და ა.შ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ცხოვრება რუსეთთან ახლოს.“ ამავე ინტერვიუში ისაუბრა მან მოახლოებულ არჩევნებზე. „მალე არჩევნები გექნებათ, ეს კი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, შესაძლებლობა დასავლეთისთვის საკუთარი დემოკრატიული მახასიათებლების ხელახალი დემონსტრირებისა. ეს წელი გლობალურად არჩევნების წელია, მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს არჩევნები, ჩვენც გვქონდა, ბრიტანეთში მთავრობა შეიცვალა. დემოკრატიის დინებაზე მიშვება არ გამოდის, დემოკრატია ძალისხმევას მოითხოვს. და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ამას ვიხილავთ საქართველოშიც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. რუსეთზე „10 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთში ვმუშაობდი, კარგად შევისწავლე რუსეთის ქცევა, ხასიათი, უკეთ გავიაზრე რუსეთის მიდგომები. და ვფიქრობ, ნარატივებს კი არა, ფაქტებს უნდა შევხედოთ - ფაქტები კი მეტყველებენ იმაზე, რომ რუსეთია აგრესორი, და ჩვენ კი, დანარჩენი ევროპა, ერთად ვდგავართ მათი აგრესიის წინააღმდეგ. ბრიტანეთის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპელ და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად ვიდგეთ საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე, ეს კი დღეს უკრაინის გვერდში დგომას ნიშნავს. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ: საზღვრებს პატივი უნდა ვცეთ, უკრაინის საზღვარი იქნება ეს თუ საქართველოსი,“ ამბობს ახალი ელჩი. შეკითხვას, თავად რუსეთში საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მმართველი პარტიისა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქედან? გარეთ უორდი პასუხობს: „მე ვცდილობ, მარია ზახაროვას და სხვა დეზინფორმატორების ნათქვამიდან არ ვაკეთო დასკვნები. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის ქვეყნებზე ზეწოლას თავისი ნარატივებით, რუსული ნარატივების ასალაგმად კი, სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი მთავრობაა საჭირო.“ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ ნარატივებსა და ნაბიჯებზე. რამდენად ეფექტურია დასავლეთის პასუხი? გარეთ უორდი ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ამბობს: „ბრიტანეთი ევროკავშირში არაა, ამიტომ ევროკავშირის მიდგომებზე ჩემი მხრიდან საუბარი უადგილო იქნებოდა, ამერიკასაც თავისი მიდგომა აქვს, მე კი, შემიძლია, ვისაუბრო როგორი იქნება ჩვენი, ბრიტანეთის მიდგომა. ჩვენს შეშფოთებას არსებული ტენდენციის გამო კარგა ხანია, ვუზიარებთ ქართველ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს. ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ მჭიდრო პარტნიორული კავშირები საქართველოსთან, ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებული იქნება როგორც საერთო ინტერესებზე, ასევე საერთო ღირებულებებზე. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, შევძლებთ კონსტრუქციული პარტნიორობის ფარგლებში დარჩენას. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ეს ოპტიმისტური სცენარია, იმის ფონზე, რაც ხდება. განვიხილოთ პესიმისტური სცენარიც: სადაც სიტუაცია უარესობისკენ იცვლება, განსაკუთრებით კი, ღირებულებების ხარჯზე. მაშინ რა მოხდება? რა მიდგომა ექნება ბრიტანეთს? გარეთ უორდი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „წინასწარ დეტალურად ვერ გაგიწერთ, როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ეს სცენარი რეალობად იქცევა, იმიტომ, რომ ბევრი და კომპლექსური სცენარები არსებობს, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა, წარიმართოს პროცესები. მაგრამ ჩვენ გვჭირდება საერთო ღირებულებების ქონა, ერთმანეთის ნდობა, რათა ამჟამინდელი ღრმა და ფართო ურთიერთკავშირები შევინარჩუნოთ. თუ ნაკლები ნდობა გვექნება, მაშინ ურთიერთობაც ცოტა უფრო სხვანაირი იქნება. დიდი ბრიტანეთი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას, მაგრამ ჩვენს თანამშრომლობას ურთიერთნდობის ხარისხზე დავაფუძნებთ.“